სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, ერდოღანი აშშ-ში მის ვიზიტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-ში მისი ვიზიტი მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც NTV იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა.

”ჩემი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება”, – განმარტა ერდოღანმა აშშ-ში მისი ვიზიტის შესახებ.

მან განაცხადა, რომ თურქეთი აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში გამოთქმულ პოზიციას ეწინააღმდეგება.

”ვწუხვართ, რომ ცილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დასწამეს, აშშ-ს პარლამენტში მიიღეს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ისტორიკოსებისა და არქეოლოგების სამუშაოა. მოდით, მათ ჩაატარონ კვლევა და არ განვიხილოთ ის პოლიტიკურ კონტექსტში”,- განმარტა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე “უპასუხისმგებლო” უწოდა წარმომადგენელთა პალატის მოთხოვნებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” გამო, რომელიც ანკარამ ოქტომბრის დასაწყისში ქურთული ძალების წინააღმდეგ დაიწყო, თურქი მინისტრების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს და გმობს.

ამერიკული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მხოლოდ 11 იყო წინააღმდეგი. დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას დემოკრატმა ადამ შიფმა წარუდგინა.

”გენოციდის უგულებელყოფა დაუშვებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ის, გასულ საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიის დროს, გასული საუკუნის შუა პერიოდის დროს მესამე რაიხსა თუ დარფურში”, – განაცხადა რესპუბლიკელმა გას ბილირაკისმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტის მომზადებაში.

რეზოლუციის მიღებას უკვე აკრიტიკებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

მან კონგრესმენთა გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს “პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისტორიის გამოყენებაა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად