სოლიდარობის ფონდმა, სულ, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონით დააფინანსა

ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, – საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა დღეს სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

დღეის მდგომარეობით, ფონდს საჯარო სამსახურის 55 000 – ზე მეტი თანამშრომელი, 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა. სხდომაზე ხაზი გაესვა ამ საქმეზე ბანკების მხარდაჭერის როლს.

სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფონდს და მის შემომწირველებს მადლობა გადაუხადა.

"ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ჩვენ გვაქვს საფუძველი, ოპტიმისტურად ვუყუროთ მომავალს. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი თანხა, გავაუმჯობესოთ საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელი და მეტი ბავშვის მკურნალობა დავაფინანსოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფონდის ხელმძრვანელმა, მარიამ ჯაშმა აგრეთვე ისაუბრა  გაეროსა და პარიზის სამდივნოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას შრომის, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი და ჩეხეთის საელჩოს ატაშე ალბერტ სიდო დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად