“სოლიდარობა ბესელიას… ეს მორალური მკვლელობა, ფიზიკურ სიკვდილზეც კია გათვლილი”-გრიგოლია ცქიტიშვილს მიმართავს

გადაცემა “რეაქციის” წამყვანი ინგა გრიგოლია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს მიმართავს ეკა ბესელიას შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. გრიგოლიამ განცხადება “რეაქციის” შესავალში გააკეთა.

“მაია ცქიტიშვილი პირადად ჩემთვის ყოველთვის იყო მთავრობის გამორჩეულად კორექტული წევრი, რომელსაც როგორც ქალ თანამდებობის პირს, მე ბესელიაზე გაკეთებულ ამ განცხადებამდე აუცილებლად მივმართავდი თუ ხელახლა დაიწყებოდა ჩემზე იმ ტიპის მორალური ტერაქტი, რაც ერთხელ უკვე გავიარე და რასაც დღეს გადის ეკა ბესელია. ქალბატონო ვიცე-პრემიერო, ბრძანებთ, რომ დაგღალათ ბესელიას განცხადებებმა, თუმცა ის, რაც თქვენთვის დამღლელია, ადამიანების ცხოვრებას და მათი ცხოვრების ნგრევას შეეხება. მნიშვნელობა არ აქვს მოგწონთ ეს ქალი თუ არა.

დღეს გადაცემის შესავალში მე ერთმა რიგითმა ჟურნალისტმა, რომელმაც იცის, რა საშინელებაა, როცა პირადი ცხოვრების კადრებით ებრძვიან, მინდა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო ეკა ბესელია მიმართ, ქალის მიმართ, რომელსაც ჯერ პირადი ცხოვრების კადრები გამოუქვეყნეს, მერე კი უცხადებენ, რომ თურმე იღლებიან მისი ბრძოლით ამ თემაზე, რათა გაარკვიოს ვინ უპირებდა მორალურ მკვლელობას. დიახ, ეს არის მორალური მკვლელობა, შეიძლება ფიზიკურ სიკვდილზე გათვლილიც კი, გააჩნია როგორ გადაიტან ამ ნაღმის აფეთქებას ადამიანი.

ქალბატონო მაია, სამწუხაროა, რომ ეს განცხადება, რომ თურმე დაიღალეთ კოლეგა ქალზე განხორციელებული მორალური ტერორით. იცით რას ნიშნავს, როცა ქალს ამ ტიპის ტერაქტებით ებრძვიან, იცით რა შეიძლება ქალს, რომლის პირად ცხოვრებასაც, თანაც ფარულად გადაღებულს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ?! მე გეტყვით თუ არ იცით. შეიძლება მორალურად განადგურდეს და საერთოდ ჩამოშორდეს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. შეიძლება შეშინდეს და დაივიწყოს აქტიურობა, შეიძლება ფსიქოლოგიურად განადგურდეს და შეიძლება ფიზიკურადაც განადგურდეს, შეიძლება გული გაუსკდეს და მოკვდეს. ორმაგად საშინელებაა, როდესაც ამ ტერაქტს უწყობენ საზოგადოებრივად ან პოლიტიკურად აქტიურ ქალებს იმ მიზნით, რომ გააჩუმონ, გააკავონ, გზიდან ჩამოიშორონ.

ქალბატონო ვიცე-პრემიერო ნუთუ მინიმუმ სოლიდარობა არ გაგიჩნდათ ეკა ბესელიას მიმართ. შეიძლება არ გაგიჩნდათ სოლიდარობის გრძნობა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ თქვენ მაღალი თანამდებობის პირი ხართ და ვალდებული ხართ თავი მაინც შეიკავოთ ასეთი განცხადებებისგან. თქვენი განცხადების მსგავსმა განცხადებებმა შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მეტად წაახალისოს ამ დანაშაულის ავტორები. მე ვსაუბრობ ქალზე, რომელზე მორალურმა ტერაქტებმაც ლამის სერიალის სახე მიიღო. მე არ ვიცი როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური გზა, შეიძლება ისე წარმატებებსაც მიაღწიოთ მომავალში, რომ საამაყოდ გექცეთ თქვენც და ქვეყანასაც. გისურვებთ, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ თქვენი ეს განცხადება აუცილებლად დარჩება თქვენი საქმიანობის ისტორიაში ძალიან მძიმე განცხადებად.

ვფიქრობ, პოლიტიკა იმად არ ღირს, რომ ფსიქოლოგიურად განადგურდნენ ადამიანები. ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების დროს ფარულად გვიღებდნენ საძინებლებში არ გაძლევთ მსგავსი განცხადებების ასე ხელაღებით გაკეთების თავისუფლებას. ქალბატონო მაია იმედია მიმიხვდებით ჩემს ამ ვრცელ მიმართვაში. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენგან მოვისმინე ეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში თქვენი ადეკვატური რეაგირების იმედი აღარ მექნება. სხვათა შორის მთავრობის ყველაზე ძველ ქალ მინისტრს თეა წულუკიანს თქვენგან განსხვავებით ყოველთვის მძაფრი რეაქცია აქვს ხოლმე ამ თემაზე და თუ ჩვენ წუხილს ვერ გაიგებთ იქნებ ჰკითხოთ იუსტიციის მინისტრს, რატომ იყო თქვენი განცხადება ეკა ბესელიას მიმართ ძალიან ცუდი და ძალიან მძიმედ მოსასმენი”, – მიმართა ინგა გრიგოლიამ მაია ცქიტიშვილს.

შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ დაიღალა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებზე საუბრით. მის ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, დღეს კი მან თქვა: არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად