სოხაძე: ოპოზიციის მიზანი სხდომაზე მხოლოდ ხმაურიანი განცხადებების გაკეთებაა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მსჯელობენ, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ სურს და მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით შემოიფარგლებიან.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები არ დაესწრნენ კომისიის სხდომას, სადაც საქმიანი საუბარი იყო გენერალური გეგმის დახვეწაზე. მათი მიზანი მხოლოდ სხდომაზე ხმაურიანი განცხადებების გაკეთებაა. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ პროცესის მონაწილეები, რაც ქალაქში უნდა განხორციელდეს. ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ ქაოტურ მშენებლობებზე, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს. ქაოტური მშენებლობები დაიწყო 2000-იან წლებში, ზვავივით აგორდა და წალეკა ჩვენი ქალაქი. მინდა კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო – ჩვენ რა გადაწყვეტილებასაც ვიღებთ დღეს. ეს არის ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, რომლის აკრძალვაც ხდება და სამწუხაროდ ამაზე ხაზგასმა არ მიმდინარეობს. მე ჩემს კოლეგებს სიტყვით გამოსვლის შემდეგ გადავცემ სამ ზონალურ შეთანხმებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გიგი უგულავას ხელმოწერით განხორციელდა, სადაც თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გაიცა დაუშვებლად მაღალ კოეფიციენტებზე ნებართვები,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ კონკრეტულ მისამართებზე, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს, ზონალური ცვლილებები განხორციელდა და სამშენებლო ნებართვები წინა ხელისუფლების დროს გაიცა.
„ყველაფერი ეს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, დღეს უნდა დასრულდეს. დღეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ საამაყოდ გვექნება, რომ სწორედ ჩვენი საკრებულოში ყოფნის დროს მოხდა გენგეგმის დამტკიცება,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, გენერალური გეგმა ვერ გამოასწორებს იმას, რაც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, მაგრამ ეს დოკუმენტი არის იმის გარანტია, რომ არცერთ ხელისუფლებას არ ექნება ქალაქის დამახინჯების უფლება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...