სნოუბორდის ევროპის თასში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულებულია

29 თებერვალს და 1 მარტს გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლებს პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში. მონაწილეთა რეგისტაცია უკვე დასრულებულია.

„გუდაური 2020“ – სნოუბორდის ევროპის თასის მოსაპოვებლად იასპარეზებენ მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ა.შ.შ.-დან, ავსტრალიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან და სხვ. რეგისტრაცია გაიარა 50 მდე სპორტსმენმა. საქართველოს სახელით იასპარეზებს ლევან ნაზღაიძე, რომელმაც, ახლახანს, უკრაინაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრზე მეორე ადგილი გიგნატურ სალოლომში და მეოთხე ადგილი პარალელურ სლალომში დაიკავა.

ტურნირები გუდაურის კუდების ფერდობზე ორ პარალელურ ტრასაზე გაიმართება. საშეჯიბრო ტრასების დამუშავება უკვე დაწყებულია. დაყენებულია ფინიშის და სტარტის მექანიზმები. FIS-ის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მომზადებას, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების ხელმძღვანელობით, საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია უზრუნველყოფენ.

პარალელური სლალომი და გიგანტური პარალელური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. საკვალიფიკაციო რაუნდების გადალახვის შემდეგ, სპორტსმენები პირველობისთვის ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას. ქალებსა და კაცებში, ორივე სახეობაში, ოთხ-ოთხი საპრიზო ადგილი გამოვლინდება. მათ მედლები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.

საერთაშორისო შეჯიბრებას საქართველომ გასული ორი წლის განმავლობაში უმასპინძლა. პირველად ბაკურიანში გაიმართა ტურნირი სკი კროსში. შარშან კი, გუდაურში – სარეიტინგო შეჯიბრი და ევროპის თასის ტურნირები სნოუბორდ კროსში და სკი კროსში. ტურნირებმა უცხოელი სპორტსმენების და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

აღნიშნული ტურნირების საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარება სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით ფრისტაილში გაიმართება ბაკურიანში.

„გუდაური 2020“ -ევროპის თასი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მისი გენერალური სპონსორის კომპანია “სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად