სლოვაკეთი და ჩეხეთი აუცრელებისთვის შეზღუდვებს აწესებს

სლოვაკეთის მთავრობა დააწესებს “ლოქდაუნს” მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გაუკეთებია. აუცრელებისთვის შეზღუდვებს ჩეხეთიც ამკაცრებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ შეზღუდვები 22 ნოემბრიდან ამოქმედდება და სამი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

ამ პერიოდში რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ დაწესებულებებში, სხვადასხვა მაღაზიაში სიარულსა და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას მხოლოდ აცრილები შეძლებენ.

სამსახურში წასასვლელად არავაქცინირებულებს ტესტების გაკეთება კვირაში ორჯერ მოუწევთ. რეგიონებში, სადაც ურთულესი ვითარებაა, მთლიანად დაიხურება კვების ობიექტები, სპორტული კლუბები, სილამაზის სალონები და სასტუმროები.

ჩეხეთში აუცრელები საზოგადოებრივ ღონისძიებებს ვერ დაესწრებიან, კვების, კულტურული დაწესებულების ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და სასტუმროები შესვლას ვერ შეძლებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ვოიტეხის თქმით, აუცრელებს ადრე აქ სიარული PCR-ტესტებით შეეძლოთ, ახლა კი ეს ვარიანტიც უქმდება. გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ ისინი, ვინც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა. სამსახურში სიარულისთვის აუცრელებმა ტესტები კვირაში ერთხელ უნდა ჩააბარონ.

ახალი წესები 22 ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ამოქმედდება. მათი მიზანი ვაქცინაციის სტიმულირებაა. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ ამ ზომების შემოღება ბავარიის მაგალითზე გადაწყვიტა.

კომენტარები
იტვირთება...