სკოლის ეზოს იასამანი – ლევან ფანცხავას ბლოგი

ჩემი მეგობრის შვილი სექტემბერში სკოლაში მიდის. ალბათ წარმოგიდგენიათ, როცა პირველ კლასში მიდიხარ ან მიგყავს შვილი, მშობელიც და პატარაც ერთნაირად ნერვიულობს.

აქედან გამომდინარე მზადება იწყება სკოლამდე არა ორი კვირით, არამედ უფრო ადრე, მაგალითად ახლა როცა ერთ თვეზე მეტია დრო.

და როცა ამ მზადებას ვხედავთ, გვახსენდება საკუთარი თავი, როცა პირველად, პირველ ნაბიჯს დგამ იმ ეზოში, რომელიც მერე მონატრებად რჩება, ეს მერე კი ისე მალეა რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ.

სუნი მენატრება, ჯერ შენობაში არ შესული, ეზოში რომ იასამანის სუნი იდგა, პატარა მე ცათამბრჯენებივით რომ ვუყურებდი დიდებს და მარჯვენა ხელი დედაჩემის მარცხენა ხელზე მაგრად მქონდა ჩაბღაუჭებული.

სკოლის ეზო, დინოზავრისოდენა ნაძვებით და ძალიან ბევრი ადამიანით სავსე. ჩემი თვალსაწიერი ხედავს მხოლოდ ჩემივე სიმაღლეზე განთავსებულ ჩემნაირ, ჰალსტუხიან ბიჭებს და “კიკინებიან” გოგონებს.

ახლას იქაურობის, იმ წამის და იმ წუთების სუნი მცემს, გულგახეთქილი სიხარულით რომ რაღაცას ვეპოტინებით და არ ვიცით რას.

ჯერ კიდევ ვერგაგებული თვალებით, შიშით ჩაჭიდული ხელით, რაღაც ახალისკენ მივდიოდით, ახალი რაღაცეების და ვიღაცეებისკენ.

მაშინ სასახლე მეგონა, მეგონა რომ იქ ვრჩებოდი და ჩემი მარჯვენა ხელი, დედაჩემის მარცხენა ხელს ისეთი სიმწრით გავუშვი, ყველაზე დიდი “ტკივილი”, უკვე “დიდიმა” მაშინ პირველად ვიგრძენი.

დავჯექი, დამაჯინეს მასწავლებლის მაგიდის წინა მერხის უკანა მერხზე, გვერდით სრულიად უცხო გოგო დამიჯინეს რომელსაც ოდნავ ზურგი შევაქციე და მივხვდი რომ ამ მთვარ გამოწვევასთან 6 წლის ლევანი მარტო დავრჩი. მალევე მოვტრიალდი და დავმეგობრდი ჯერ ჩემს გვერდით მჯდომთან და მერე ყველასთან.

იმ ქალმა, რომელიც ოთახში შემოვიდა და ხმამაღლა გვითხრა: გამარჯობა ბავშვებო.

რამდენიმე წუთის წინ დაბადების დღე მომილოცა.

-მადლობა ლალი მასწ.

ხო და გამახსენდა რომ მის მერე რაც ლალი მასწი პირველად დავინახე 23 წელი გავიდა და ჩემი მასწი ისევ ისეთია.

ასე გრძელდებოდა ოთხი წელი.

დანარჩენზე მერე მოვყვები. ძალიან ბევრზე, ბევრი მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ასე მარტივად ვერ “ჩავეტევი” დროში. დრო კიდევ ყველამ ვიცით რას ნიშნავს, თუნდაც იმას როგორც დავიწყე საუბარი.

ჩემს სკოლაში მის მერე არ ვყოფილვარ რაც მეთერთმეტე კლასი დავამთავრე და ყველას ვპირდებოდი რომ ხშირად, ძალიან ხშირად ვნახავდი.

ხო, მთავარი მავიწყდებოდა, დილით მძიმე ჩანთა აკიდებულ უკვე “დიდ” ბიჭს მახსოვს ქუჩაში ზამთრისვის გამზადებული ხის მასალა ეყარა, მეზობლები მაცილებდნენ და მე მორიდებით ლოყას დედაჩემის კალთას ვადებდი და მივდიოდი, ფეხზე ოდნავ მიჭერდა შავი ფეხსაცმელი, მაგრამ ყურში მაშინაც მესმოდა გამყიდველის ნათქვამი “გაიწევს”.

ყველაზე ძლიან იმ სუნმა იცის მონატრება, პირველად რომ შევდგით ფეხი სკოლის ეზოში და “მოვიწამლეთ” ბედბიერების სუნით, რომელსაც მაშინ იასამანი დავარქვით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად