სიტუაცია იძაბება – რუსეთმა ბელარუსისთვის განკუთვნილი ნავთობი არ გაატარა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს აცხადებს, რომ რუსეთმა არ გაატარა ბელარუსისთვის განკუთვნილი ყაზახური ნავთობი.

ბელარუსული სააგენტო “ბელტა”-ს ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო უცნაურს უწოდებს სიტუაციას, როდესაც მოკავშირე არ აძლევს უფლებას მინსკს, რათა მან იყიდოს ნავთობი საერთო მოკავშირისგან.

ლუკაშენკოს თქმით, რესპუბლიკა რუსეთისგან საჭირო რაოდენობის ნავთობის არაუმეტეს 30-40%-ს უნდა ყიდულობდეს, დანარჩენი კი უნდა შეჰქონდეს უკრაინის და ბალტიის ქვეყნების გავლით – 30% თითოეული მიმართულებიდან.

ლუკაშენკო აღიარებს, რომ დღესდღეობით ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა არ იყოს დამოკიდებული რუსეთის ნავთობზე და საჭიროა ამ სიტუაციაში კარგად გარკვევა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული საგადასახადო მანევრირების შედეგად ეცემა ადგილობრივი ნავთობგადამამუშაველი ქარხნების რენტაბელობა და იკლებს შემოსავლები რესპუბლიკის ბიუჯეტში. ლუკაშენკო მოუწოდებს ნავთობქიმიური მრეწველობის მესვეურებს, რომ მსოფლიო საბაზრო ფასებში შეისყიდონ ნებისმიერი ნავთობი – აზერბაიჯანული, საუდის არაბული, ნორვეგიული, ამერიკული.

შეგახსენებთ, რომ, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელარუსმა ნორვეგიული ნავთობის იმპორტირების შესახებ გააფორმა ხელშეკრულება და 80 ათასი ტონა ნავთობი Johan Sverdrup-ის მარკის, 22 იანვარს შევა კლაიპედას პორტში, იქედან კი რკინიგზით, ბელარუსის ქალაქ ნოვოპოლოცკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაში.

ბელარუსმა და რუსეთმა 2020 წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ბელარუსში მიწოდების შესახებ ვერ მოილაპარაკეს. მინსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ გაუქმდეს ვალდებულება რუსული ნავთობკომპანიებისთვის პრემიების გადახდის შესახებ და აგრეთვე, “დაბინძურებული ნავთობის” მიწოდების გამო განცდილი ზარალის კომპენსაციას. ლუკაშენკოს სიტყვებით, რუსეთის პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ ბელარუსი მისგან ნავთობს მსოფლიო საბაზრო ფასებზე უფრო ძვირად იყიდის.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად