სიყვარულით ამერიკიდან – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

გუშინ “აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის (კონგრესის) ასიგნებების კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დახმარების შესახებ. კანონპროექტში საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ დახმარების 15% ქვეყანას შეიძლება შეუჩერდეს, თუ არ იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები” – ციტატა “ამერიკის ხმადან”. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში 53 კონგრესმენია. მათ შორის 30 დემოკრატი და 23 რესპუბლიკელი. ქართულმა დიპლომატიამ ვერ მოახერხა ამ დრომდე რომ რომელიმე მათგანს ამ კანონპროექტის კონტექსტთან განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინა, მათ შორის კანონპროექტის მიღების დროსაც.

7 ივლისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის კომენტარი წარმომადგენელთა პალატის (კონგრესის) კანონპროექტის ვარიანტზე, რომელშიც საქართველოს მიმართ ფინანსური მხარდაჭერის შემცირება განიხილება: “ის წარმოდგენილ იქნა შესაბამისი კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ პროექტის სახით, ის ექვემდებარება შემდგომ განხილვებს კომიტეტის ფარგლებში. მსგავსი პროცესი უნდა წარიმართოს სენატის ქვეკომიტეტში და შესაბამის კომიტეტებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სენატის დოკუმენტის შეთანხმება და შეჯერება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის. შესაბამისად, როგორც ჩანს დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს შემუშავების და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმას მიიღებს საბოლოო ჯამში”.

9 ივლისი, ამერიკის კონგრესის ასიგნებების კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი მიიღო  ანუ, ამერიკის მხრიდან საქართველოსთან პოლიტიკური პარტნიორობის მიზანშეწონილობაში კითხვები უკვე ფორმალურადაც დაფიქსირდა. 15%, ამ შემთვევაში 20 მილიონი აშშ დოლარია, მაგრამ განუზომლად მეტია ის საფრთხე, რაც ამ კანონპროექტით საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე ემუქრება. ეს არის გზავნილი, რომლითაც იმანიპულირებს და იხელმძღვანელებს მტერი და საქართველოს მხრიდან მყისიერი რეაგირების და ვითარების გამოსწორების გარეშე სრულ კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას და არა ამერიკას, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და გავლენიან პარტნიორებთან ადგენს დღეს ურთიერთობის ახალ სტანდარტებს. ხელისუფლების მხრიდან რეაქცია კი არ ჩანს.

რადგან ოფიციალურ პირთაგან ამ საკითხზე რეაგირება ბოლო დღეებში მხოლოდ ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გამოხატა, მაინტერესებს – არის თუ არა ქართული დიპლომატიის ჩავარდნის დოკუმენტური გაფორმება კანონპროექტის მიღება, არის თუ არა მისი განცხადება “რომ სინამდვილეში ბაღდათში ყველაფერი კარგადაა” უკიდურესად არაპროფესიონალური, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და დამაზიანებელი? თუ სხვანაერად არის ბატონო მინისტრის პირველო მოადგილევ? ლოდი რომ მოგორავს მთის კენწეროდან ჯერ ათ მეტრ გაივლის, მერე 20-ს და საბოლოოდ ფერდობზე დავარდება, ეს ვიცით. სხვა რამეზე ისაუბრეთ და იმოქმედეთ თუ ჯერ კიდევ შეგიძლიათ.

პ.ს. იმედია “ფრონტერას” ლობისტებად არ მოინათლება 53 კონგრესმენიანი კომიტეტი და არც პროცენტების გამოყვანას არ დავიწყებთ, რომ ეს კონგრესის მხოლოდ 1 კომიტეტია 30-ზე მეტი კომიტეტიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად