სინოფარმი – რამდენად სანდო ვაქცინა შემოდის საქართველოში და რას წერს მასზე უცხოური პრესა

გუშინ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში, 27 აპრილიდან, „სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება.

„ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, ასევე მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით, ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყოს დროულად”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„სინოფარმის” ვაქცინა დღეისათვის ავტორიზებულია ჩინეთში, ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სეიშელის კუნძულებზე. მას აგრეთვე აქვს ავტორიზაცია საგანგებო გამოყენებისთვის მსოფლიოს კიდევ 35 ქვეყანაში, მათ შორის, უნგრეთში, სერბეთში, არგენტინაში, ბელარუსში. სულ კი იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც „სინოფარმის” ვაქცინას ავტორიზაციით თუ ავტორიზაციის მიუხედავად გამოიყენებენ, პრესის ცნობით, 60-ს აჭარბებს.

ზუსტი ცნობები მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში „სინოფარმით” ვაქცინირებულთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, ჩინეთში „სინოფარმით” და „სინოვაკით” ვაქცინირებულთა რაოდენობა 180 მილიონამდეა, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ~100 მილიონის ფარგლებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სინოფარმი” ვაქცინის ავტორიზაციის პროცესის დასრულებას აპრილის შუა რიცხვებამდე ვარაუდობნენ, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესის დასრულება თვის ბოლომდე არ მოხერხდება.

„სინოფარმის” ვაქცინის ეფექტურობა ჩამოუვარდება აშშ-ში, კანადაში და ევროპის ქვეყნებში გამოყენებისთვის რეკომენდირებული ვაქცინების ეფეტურობას და მისი ამაღლების საჭიროებაზე ჩინელი სპეციალისტებიც საუბრობენ, თუმცა ექსპერტები, მოსალოდნელი სარგებელიდან გამომდინარე, მის გამოყენებას უჭერენ მხარს.

ჩინური ვაქცინების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მიერ ამ დროისთვის წარმოებული კვლევებიდან გამომდინარე მათი ეფექტურობა 60-65 %-დან 79%-მდე ფარგლებშია, ხოლო დაავადებათა მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში 86%-ს აღწევს.

საქართველოს „სინოფარმის”ვაქცინის 100 ათასი დოზა აქვს შესყიდული, კიდევ 100 დოზა „სინოვაკის” ვაქცინა კი ჩინეთის ელჩმა ლი იანმა საქართველოს საჩუქრად გადასცა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, გამომდინარე „სინოფარმის” ვაქცინის ეფექტურობის შესახებ დამაკმაყოფილებელი მონაცემების უფრო ჭარბი რაოდენობიდან , სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ ცნობათა არარსებობიდან და უახლოეს ხანებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხირიდან ავტორიზაციის პროცესის დასრულების მოლოდინიდან, მიღებულია გადაწყვეტილება 27 აპრილიდან „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაწყების, ხოლო აღდგომის დღესასწაულების შემდეგ „სინოფარმით” ვაქცინაციის დაწყების შესახებ.

„სინოფარმთან“ დაკავშირებული რეკომენდაციები არ იზღუდება მისი გამოყენება რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა, იმის გამო, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, უფრო მეტია ვიდრე 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში, მოსალოდნელია მისი გამოყენება 55 წლის და უფროთ ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, განსხვავებით „ასტრაზენეკას” ვაქცინისგან, რომელიც გამოიყენება 55 წელს ზემოთ ასაკში, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების შესახებ საკითხი მას შემდეგ იქნება განხილული, რაც ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან ერთ-ერთი მკაცრი და ავტორიტეტული მარეგულირებლის აღიარებას მოიპოვებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...