“სიკვდილი ამერიკას!”- ირანში გენერალ კასემ სულეიმანს ემშვიდობებიან

მშობლიურ ქალაქ ქერმანში, ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს, რომლის ლიკვიდაციაც აშშ-ს არმიამ ბაღდადში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს განახორციელა,-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია სულეიმანის დაკრძალვით დასრულდება. ირანელი გენერლის პანაშვიდი სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო 16:00 საათზე, კასემ სულეიმანს ქალაქში, მოწამეთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ირანული სააგენტო Mehr-ის ცნობით, ქალაქ ქერმანის ქუჩებში “მილიონობით ირანელი” შეიკრიბა, რათა დაკრძალვის დღეს კასემ სულეიმანს პატივი მიაგოს. მათ თან ხელში გენერლის პორტრეტები უჭირავთ და სკანდირებენ: “სიკვდილი ამერიკას!”, “სიკვდილი ისრაელს!”.

დაღუპულთა ცხედრები დღეს, დილით, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ქერმანში გადაასვენეს. სამგლოვიარო ცერემონია უკვე ჩატარდა აჰვაზში, მაშადში, თეირანსა და ქუმში.

ერაყში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკამ იანვრის დასაწყისში ირანის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა. თეირანში აცხადებენ, რომ ისინი მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ JCPOA- ს მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, ერაყის პარლამენტმა მოითხოვა, რომ მთავრობამ ქვეყნიდან უცხო ძალების გაყვანა უზრუნველყოს. კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საპასუხო დარტყმისთვის მზად არის, თუ ირანი ამერიკის მოქალაქეებს ან ამერიკულ სამიზნეებს თავს დაესხმება.

თარგმნა თაკო ჩხაიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად