შვეიცარიის და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 0 : 0 დასრულდა

შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს ეთამაშება.

გუნდებმა დღევანდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობებით დაიწყეს:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია, შენგელია, დავითაშვილი.

შვეიცარია: სომერი, ლიხშტაინერი, ელვედი, აკანჯი, აჯეტი, სეფეროვიჩი, ჯაკა, შტეფენი,  როდრიგესი, ზაკარია, ფერნანდესი.

შეხვედრა შვეიცარიელთა მწვავე იერიშებით დაიწყო და საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას რამდენიმე სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუხდა. პირველ წუთებზე გამონაკლისი იყო ჯაბა კანკავას დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით.

შეხვედრის 15 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გაათანაბრა, მეტოქის მოედანზე თამაში გამოასწორა და რამდენიმე შეტევის შემდეგ ქვილითაიას დარტყმული ძელს მოხვდა და შვეიცარიის ნაკრები აშკარა გოლს გადარჩა.

შემდეგი 15 წუთის განმავლობაში გუნდები მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ. გიორგი ლორიას რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა და სახიფათო იერიშის მოგერიება. შვეიცარიის ნაკრები თავდასხმაში გააქტიურდა რასაც ერთმანეთის მიყოლებით გრიგალავას და კანკავას უხეში თამაში და ყვითელი ბარათები მოჰყვა.

შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, მე-40 წუთზე საქართველოს ნაკრების კართან ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა და კაკაბაძემ ცარიელი კარიდან ბურთის თავით გამოტანა მოახერხა.

პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წამებზე გიორგი ლორიამ კიდევ ერთხელ იხსნა ჩვენი ნაკრების კარი აშკარა გოლისგან.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ, 0 : 0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის 2020 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღევანდელი შეხვედრა ბოლო, მე-8 თამაშია. ჩვენი ქავეყნის ნაკრებს ჯგიფუდან გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს და მე-4 ადგილზე რჩება.

მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიის ნაკრებისთვის და ისინი 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ბოლო ტურში შვეიცარიელები გიბრალტარის სუსტ გუნდს ეთამაშებიან და ევრო 2020 ის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ.

გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში შვეიცარიელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

მატჩის წინა პრესკონფერენციებზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ფეხბურთელთა საბრძოლო განწყობაზე ისაუბრეს:

ვლადიმირ პეტკოვიჩი: „საქართველოსთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.  მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოსთან 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

ვლადიმერ ვაისი: „ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში ვართ. გამომდინარე ბოლო თამაშიდან, განწყობა ცუდი არ არის. ხვალ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და მე ვფიქრობ, რომ შვეიცარია კვლავ ჯგუფის ფავორიტია. ხორვატებთან დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, შვეიცარიასთან კარგი თამაში უფრო საპასუხისმგებლოა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად