შვედური მოდელის და მთავარი ექიმების ფიასკო – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

შვედეთმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებული სტრატეგიით, მინიმალური შეზღუდვებით დაიწყო. სტრატეგიამ სამწუხაროდ ფიასკო განიცადა. კომპეტენტური ორგანიზაციების პროგნოზებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება. ეს ზარალი კი ხშირ შემთხვევაში მეტია ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, რომლებმაც 2 თვის განმავლობაში გაცილებით მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.

ეკონომიკის შემცირება

ბუნებრივია პროგნოზები შეიცვლება, სტატისტიკაც რიგ შემთხვევებში ზუსტი არ იქნება, მაგრამ დღეს არსებული ინფორმაცია გვაძლევს ვითარებაზე ზოგადი წარმოდგენის საშუალებას.

ევროკავშირის ახალი პროგნოზის მიხედვით (გამოქვეყნდა 6 მაისს) 2020 წლის ბოლოსთვის შვედეთში უმუშევრობის დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება (!) 9,7%. გაცილებით უკეთესი პროგნოზია დანიის შემთხვევაში 6,4%. უმუშევრობის უკეთესი მაჩვენებელია მოსალოდნელი ფინეთშიც 8,3%.

ევროკავშირის ამავე პროგნოზის მიხედვით 2020 წელს შვედეთში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდება 6,1%-ით, დანიაში ამ შემთხვევაშიც უკეთესი ვითარებაა, მშპ-ს შემცირება 5,9%-ით არის ნავარაუდევი. ფინეთში მშპ შემცირდება 6,3%-ით.

საინტერესოა, რომ შვედეთის ფინანსთა სამინისტროს და შვედეთის ბანკის განახლებული პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა, კერძოდ უმუშევრობა წლის ბოლოსთვის 10,4%-ს მიაღწევს, ხოლო მშპ-ს კლება 7%-10%-ის ფარგლებში იქნება.

ნორვეგიის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაკროეკონომიკის საპროგნოზო მონაცემები შვედეთის მონაცემებზე ოდნაც უარესია.

განსაკუთრებით სავალალო იქნება შვედებისთვის, ის გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა მეზობელმა ქვეყნებმა ნორვეგიამ, ფინეთმა და დანიამ მიიღონ. ამ ქვეყნების მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ღიად საუბრობენ რომ  მეზობლებთან საზღვრების გახსნის დროს, შესაძლებელია შეზღუდვა დატოვონ შვედეთის წინააღდეგ, ქვეყანაში დაავადებულთა მაღალი რაოდენობის გამო. ნათელია, რომ ეს გარემოება, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშეც შეამცირებს შვედეთში ამ ქვეყნებიდან სტუმრობის მსურველთა რიცხვს და შესაძლოა წარმოქმნას დამატებითი ბარიერები ვაჭრობაში. მეზობლების განცხადებებს, უკვე გამოეხმაურა შვედური მოდელის ინიციატორი და „გმირი“, შვედეთის მთავარი ეპიდომიოლოგი ანდერს ტეგნელი, რომელმაც პირიქით, ურჩია მეზობლებს შვედი ტურისტების მიღება, რადგან შესაძლოა ზაფხულისთვის უმეტესობას უკვე იმუნიტეტი ქონდეს გამომუშავებული. ანუ ეხლა უკვე მეზობელ ქვეყნებსაც შესთავაზა „ჯოგური იმუნიტეტის“ გაზიარება.

გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკების სტრუქტურა მეტნაკლებად ერთნაერია (ბუნებრივია, არ არსებობს ქვეყნები მაქსიმალურად მსგავსი ეკონომიკური სექტორებით, ამ შემთხვევაშიც ნორვეგიას სხვებისგან განსხვავებით აქვს ნავთობპროდუქტები, დანიის ეკონომიკაში მომსახურების სფერო მნიშვნელოვნად მეტია და ა.შ.).

„ჯოგური იმუნიტეტი“ ანუ არიოლი თუ რეშკა

შვედეთის სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის არ-ჩაკეტვა (თუმცა ანდერს ტეგნელი, შვედი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, დღემდე „ჯოგურ იმუნიტეტზეც“ აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს) – ანუ არ დახურეს სკოლები, იმისთვის რომ მშობლებს გაეგრძელებინათ მუშაობა და ა.შ, ხოლო „ჯოგური იმუნიტეტი“ შეიძლება გამხდარიყო მათი პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა 2016-2018 წლებში სხვა „მონათესავე“ კორონავირუსებზე, ადასტურებს, რომ ერთიდაიმავე ადამიანს შესაძლოა ერთიდაიგივე ვირუსი შეეყაროს რამდენიმეჯერ, თან ერთი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ადრე ამ გარემოებას მნიშვნელოვანი დატვირთვა არ ეძლეოდა, რადგან ეს „ძველი“ კორონავირუსები უმეტეს შემთხვევაში იწვევდა მხოლოდ ე.წ. გაციებას და არ იყო განსაკუთრებით საშიში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე უშვებს მაღალ ალბათობას, რომ ადამიანი, შეიძლება განმეორებითაც დაავადდეს ახალი კორონავირუსით, ვთქვათ 5 თვის შემდეგ, რადგანაც ახალი კორონავირუსის წინააღდმეგ გამომუშავებული იმუნიტეტი არ არის ისეთი მდგრადი, როგორიც მაგალითად „წითელას“ შემთხვევაში.

ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა

25 მაისისთვის ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შვედეთში 9-ჯერ მაღალია ვიდრე ნორვეგიაში, 7-ჯერ მაღალი ვიდრე ფინეთში და 4-ჯერ მაღალი ვიდრე დანიაში. მაისის შუა დღეებში ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რიცხვი შვედეთში დაფიქსირდა. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც შვედებმა ვერ გამოიმუშავეს საჭირო რაოდენობით ანტისხეულები ვირუსის წინააღდმეგ და რომც გამოიმუშავონ, დღეს არსებული ინფორმაციით მათი ეფექტურობა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს. ანუ, შვედეთი ახორციელებს სამედიცინო და მეცნიერული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელ სტრატეგიას.

მაშინ შვედი უნდა იყო

ადრეულ ეტაპზე, მით უმეტეს, როგორც სამედიცინო სფეროში გაუთვითცნობიერებულმა ადამიანმა არ შევიტანე ეჭვი შვედური მოდელის ეფექტურობაში… შვედებისათვის. მაგრამ იმთავითვე ნათელი იყო, რომ ის საქართველოსთვის შედეგს ვერ მოიტანდა. 200 წლიანი ნეიტრალიტეტის პირობებში, როდესაც შვედეთს განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან არცერთ ომში არ მიუღიათ მონაწილეობა, ასევე კეთილდღეობის მაღალმა მაჩვენებლებმა, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ახალი სტანდარტები გააჩინა. რომ გავიგოთ როგორ იქცევიან შვედები და რამდენად განსხვავდებიან ჩვენგან, მხოლოდ რამდენიმე ფაქტი მოვიყვანოთ: ე.წ. შინამეურნეობების (ხშირ  შემთხვევაში ოჯახი შეგვიძლია ვიგულისხმოთ) ნახევარზე მეტი შვედეთში 1 ადამიანს ითვლის, რაც ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე მაღალი მონაცემია; ევროკავშირის ფარგლებში ახალგაზრდა ადამიანი საშუალოდ 26 წლის ასაკში იწყებს დამოუკიდებლად, ცალკე ცხოვრებას, შვედეთში კი 18-19 წლის ასაკში, ესეც ევროკავშირში ყველაზე დაბალი ასაკია (ამავე დროს უმეტესობა ცხოვრობს მარტო); 16-24 წლამდე ახალგაზრდების 55% არ ურთიერთობს ოჯახის წევრებთან; უკანასკნელ ორ არჩევნებში შვედების 85%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა; ქალაქებში ბინების უმეტესობა 1 ან 2 ადამიანისთვის არის განკუთვნილი; გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ რესტორნებსა და ბარებში ვიდრე ბრიტანელები; ზოგადად, გაცილებით ნაკლები რესტორანი, კაფე და ბარია, ვიდრე იტალიასა და საფრანგეთში; უმეტესობას შაბათ-კვირას რესტორანში დროის გატარებას, ურჩევნია ქალაქგარეთ გაისეირნოს… გასაგებია, რომ სოციალური დისტანცირება შვედებისთვის არ იქნებოდა ისეთი პრობლემა, როგორც ჩვენთვის ან სხვა უფრო სამხრეთის ქვეყნებისთვის.

სოციალ-დემოკრატია თუ თავისუფალი ბაზარი შვედეთი თუ აშშ

ბევრგან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, შვედურმა მოდელმა საკმაოდ დიდი სიმპატიები დაიმსახურა და ლამის ეკონომიკის ამუშავების სინონიმი გახდა. ამიტომ, საინტერესო უნდა იყოს ორი ქვეყნის ლიდერის ქცევის და პოლიტიკის შედარება.  გასათვალისწინებელია, რომ ამერიკამ დაკარგა შვედეთის სრულ მოსახლეობაზე დაახლოებით ოთხჯერ მეტი სამუშაო ადგილი, ხოლო ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობა აშშ-ში 30%-ით ნაკლებია.

დავიწყოთ – შვედეთის სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი, სტეფან ლიოვენის პოლიტიკა (ნაკლები შეზღუდვების სტრატეგიას, თავის დროზე მხარი დაუჭირა ყველა საპარლამენტო ფრაქციამ), ახალ კორონავირუსთან მიმართებაში მიუხედავად უკვე არსებული ნეგატიური შედეგებისა, საკმაოდ ინერტულია და კვლავ ეყრდნობა ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის მიერ მომზადებულ გეგმას. შვედეთის მთავრობა დაეყრდნო შვედების მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას, აი შვედები რამდენად და რამდენ ხანს უნდა ენდონ მთავრობის პროფესიონალიზმს და მისი მოქნილობის შესაძლებლობებს, ჯერ კიდევ გასარკვევია. ამის საპირწონედ, ამერიკის შეერთებულის შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ქვეყნის მთავარი ექიმების მიერ (ასე დავარქმევ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს) ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომების შემდეგ, გარკვეულწინად დისტანცირდა მათგან და  აქცენტი საბაზრო ეკონომიკის ძირეულ პრინციპებზე გააკეთა (დაიტოვა) – შეუქმნა რა შესანიშნავი სასათბურე პირობები ყველა იმ მკვლევარსა და მედიკოსს, რომელთაც შეიძლება რეალური შანსი გააჩნდეთ ვაქცინის ან მედიკამენტის შექმნისა და წარმოების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ტრამპი დისტანცირდა არამარტო გამოუსადეგარი ამერიკელი მთავარი ექიმებისგან, არამედ „საერთაშორისო დონის“ მთავარი ექიმებისგანაც, ვგულისხმობ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. თუმცა ამ ქვეყნების მთავარი განსხვავება არა პოლიტიკური ან თუნდაც ჯანდაცვის სისტემების განსხვავებულობაში, არამედ ცხოვრების წესში უნდა ვეძებოთ, მაგალითისთვის, იმ ფონზე, როდესაც შვედების მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცალკე ცხოვრობს, ამერიკაში ეს რიცხვი მხოლოდ 28%-ს შეადგენს.

რეზუმე

სხვა დაავადებები და მოვლენები, თვითმკლელობები ზოგჯერ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს (თუმცა 2018-2019 წლებში ე.წ. სეზონური გრიპის დროს შვედეთში გარდაიცვალა 8-ჯერ ნაკლები ადამიანი ვიდრე ახალი კორონავირუსით), ისიც გასაგებია, რომ ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება სახლში გამოკეტვის პირობებში მაგრამ მთავარი კითხვაა, უნდა შეშინებოდა თუ არა ახალი კორონავირუსის ადამიანს? რა თქმა უნდა კი! რადგან ის არის სიკვდილის გამომწვევი კიდევ ერთი, ახალი საფუძველი, რომელსაც ჯერჯერობით კარგად ვერ ვებრძვით და რომელიც შეიძლება ყოფილიყო გაცილებით უფრო ვერაგი, ვიდრე გვეგონა. ვერც საერთაშორისო, ვერც ნაციონალურმა მთავარმა ექიმებმა სწორი პროგნოზი და შეფასებები პანდემიის საწყის ეტაპებზე ვერ გააკეთეს. ამ პირობებში, როგორ უნდა ემოქმედათ პოლიტიკურ ლიდერებს? – რამდენადაც მძიმე არ უნდა ყოფილიყო, უნდა დაეხურათ ქვეყნები. თუმცა დღეს, აუცილებლად, ზედმეტი ჭოჭმანის გარეშე უნდა გაიხსნან. ხოლო გახსნის ფორმებიც და მასშტაბებიც, კვლავ პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და არა მთავარი ექიმების.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად