შვედეთის ციხეში მძევლად აყვანილი ორი ზედამხედველიდან ერთი 20 ქებაბის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს

შვედეთში, სტოკჰოლმის დასავლეთით 120 კმ-ში მდებარე ქალაქ ესკილტუნას ციხეში ტუსაღებმა ორი ზედამხედველი აიყვანეს მძევლად

შვედური Aftonbladet-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 12:20 საათზე, თვითნაკეთი ცივი იარაღით (კბილის სახეხ ჯაგრისზე დამაგრებული სამართებელი) შეიარაღებული ორმა ტუსაღმა ორი ზედამხედველი აიყვანა მძევლად.

ტუსაღები, მკვლელობისთვის 18 წლიან პატიმრობამისჯილი 30 წლის ისაკ დევიტი და 24 წლის ჰანედ მაჰამედ აბდულაჰი მძევლებთან ერთად საყარაულო ჯიხურში ჩაიკეტნენ და ვერტმფრენი მოითხოვეს.

ციხეში დაუყოვნებლივ გამოცხადებულ მომლაპარკებლებთან რამდენიმესაათიანი კონტაქტის შემდეგ ტუსაღები ერთი მძევლის განთავისუფლებას ციხეში მყოფი 20 პატიმრისთვის ქებაბის მირთმევის სანაცვლოდ დათანხმდნენ.

19:00 საათზე სპეციალურმა ჯგუფმა ციხეში მყოფი პატიმრებს ქებაბი მიუტანა და ტუსაღებმა ერთი მძევალი გაანთავისუფლეს.

დაახლოებით ერთი საათის წინ შვედური პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დროით 21:27 წუთზე პოლიციამ მეორე მძევლის განთავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება. მათი ინფორმაციით ორივე ტუსაღი ამჟამად ესკილტუნას პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები
იტვირთება...