შუახევის მოსახლეობას სტიქიამ 100 000 ლარის ზარალი მიაყენა

28 ივნისს, შუახევის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად, ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს. უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, უკიდურესად ადიდდა მდინარეები და შუახევი–უჩამბის საავტომობილო გზა წაიღო. ასევე, ზოგ ადგილებში განვითარდა ღვარცოფები, დაიტბორა ნათესი კულტურები და განვითარდა მეწყერული მოვლენები. სტიქიის შედეგად ასეულობით ოჯახს მიადგა ზარალი.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილმა კომისიამ, ზვიად დიასამიძის ხელმძღვანელობით, დაზარალებული ოჯახები შეისწავლა.

გაიმართა კომისიის სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი მასალები შეაჯამეს, რომელთა საფუძველზე მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი 100 ათას ლარს აჭარბებს.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით დიდია საგზაო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი. წაღებულია ერთი-რკინა-ბეტინის, ორი-რკინის და ერთიც ქვეითად მოსიარულეთა ხიდი. განადგურებულია ერთწლოვანი კულტურების 30%. 

სერიოზულად არის დაზიანებული სარწყავი არხები და სხვა სამელიორაციო სისტემები, წყალსადენები. სოლიდური ზიანი მიადგა გარემოს, ელექტრომეურნეობას, იმატა მეწყერულმა პროცესებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...