შტაინმაიერი: რუსეთსა და გერმანიას შორის ამჟამად არსებული ვითარების დანახვა განსაკუთრებით მტკივნეულია

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს მიხაილ გორბაჩოვს, ბერლინის კედლის დაცემის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წერილი მისწერა. ტექსტს მოსკოვში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

წერილში შტაინმაიერი აღნიშნავს, რომ გერმანიას არ დავიწყებია და არ დაავიწყდება გორბაჩოვის “გაბედული და ჰუმანური გადაწყვეტილებები”, რამაც გერმანიაში მშვიდობა განაპირობა, რითაც ასევე “ევროპის დაყოფა” დასრულდა.

“რუსულ-გერმანული და ევროპული ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის დანახვა განსაკუთრებით მტკივნეულია,” – წერს წერილში შტაინმაიერი.

მან რუსეთს მოუწოდა, მშვიდობისა და თანამშრომლობის პირობებში მიზნისკენ სწრაფვა არ შეჩერდეს.

შტაინმაიერმა, გერმანიის სახელით, გორბაჩოვს ბერლინის კედლის დაცემის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ხანგრძლივი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

გასულ კვირას, მიხაილ გორბაჩოვმა სააგენტო “როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი კედლები არ უნდა აშენდეს. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი კედელი საკუთარი იზოლირების რეალური პრობლემაა. ”ამიტომ მე კედლების აშენების წინააღმდეგი ვარ,” – განმარტა გორბაჩოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად