შსს ტაბაწყურის ტბაზე სპეცრაზმის მობილიზებას არ ადასტურებს

ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის ლიცენზიის მფლობელმა პოლიცია გამოიძახა. მიზეზი ადგილობრივების უკანონო თევზაობა გახდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ტაბაწყურზე 2 ივნისს სპეცრაზმი და ასევე სახანძრო მანქანები იყო მობილიზებული, რათა ადგილობრივი მეთევზეები წყლის ჭავლით დაეშალათ.

სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

„2 ივნისს ადგილობრივები ბადეებით ტბაზე თევზაობდნენ და ვინაიდან ტაბაწყურის ტბა კერძო საკუთრებაა, მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. კრიმინალური პოლიცია და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მისული, სპეცრაზმი ტბაზე არ ასულა,“ – განუცხადეს „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ტბაზე თევჭერის ლიცენზია მხოლოდ ერთმა ადამიანმა, სომხეთის პარლამენტის წევრმა ვარდან აივაზიანმა 20-წლის ვადით მიიღო. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას ტბაზე თევზჭერის უფლება შეეზღუდა, რასაც ისინი მუდმივად აპროტესტებენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...