შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური რეფორმირების პროცესი დაიწყო – შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

"ადამიანის უფლებათა დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ დეპარტამენტის შექმნა სისტემის რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია," – განაცხადა შს მინისტრმა.

პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე, დაინტერესებულ მოქალაქეებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

კომენტარები
იტვირთება...