შსს-ს ინფორმაციით, “ტაბულას” მძღოლი, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გამოკითხვაზე იმყოფება

„ტაბულას“ პიკაპი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. ხოლო მძღოლი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ აიპრესს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი პატრული დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პიკაპის მძღოლი დაკითხვაზე არის გადაყვანილი.

ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მანამდე, “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ გამოცემის თანამშრომელი, მანქანა და აპარატურა შსს-მ გაიტაცა და ადგილსამყოფელი მათთვის ცნობილი არ იყო.

“პარლამენტთან ვდგავართ.

ტაბულას მძღოლი, ტაბულას აპარატურა და აქციის აპარატურა გატაცებულია, მანქანიანად და ამ დრომდე ვერ ვპოულობთ – იურისტები რეკავენ შსს – ში და აქ არ გვყავსო, იძახიან. აქციაზე პატრული ბოდავს, რომ საბარგულში აპარატურა ედო და ეგ სამართალდარღვევააო.

უკვე ყველა შესაბამისი საელჩო ინფორმირებულია მძღოლის გატაცებაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე და გამოხატვის თავისუფლებაში ხელის შეშლაე (სავარაუდოდ დინამიკების გამოა გატაცებული).

თქვენ აზრზე არ ხართ, რამხელა შეცდომა დაუშვით!

p.s. ახლა იგონებენ რომ რაღაც დარღვევაზეა გამოკითხვაზე (ეს არის ტყუილი), ოღონდ არ ამბობენ სად არის რომ ადვოკატმა მიაკითხოს.

რაც მთავარია, მანქანაში უზის ევროპული საქართველოს თანამშრომელი, რომელსაც ასევე ვერ ვპოულობთ. დარღვევა თუ მძღოლმა ჩაიდინა (აბსურდია), მგზავრი რა შუაშია? ის სად ყავთ?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...