შსს-მ ქუთაისში ინდოეთის მოქალაქისთვის 450 ლარისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...