შსს-მ ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა" –  ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს  უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ი.ი., რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“.

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია 2 პირი. 

ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."-განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად