შსს: “დინამო არენაზე” ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ დღეს, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს.

სხვადასხვა მედია საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია მატჩზე საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე დამსწრე პირებმაც გამოიჩინონ დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და მათი მხრიდან პროტესტი არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს ან ადამიანთა უსაფრთხოებას.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფეხბურთო მატჩის დროს, ნებისმიერმა დესტაბილიზაციამ ან ძალადობამ შესაძლოა გამოიწვიოს მატჩის შეწყვეტა და უდიდესი ზიანი მიაყენოს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად.

ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი პოლიციის მიერ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნისა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად