შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი you tube-ზე ატვირთა

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
სამართალდამცველების მიერ, დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...