შშმ პირებზე გარემოს ადაპტირების პრობლემები მერიაში შშმ პირთა ორგანიზაციებთან განიხილეს

თბილისის მერი დავით ნარმანია შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის მერის შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი. შეხვედრის მიზანი იყო დედაქალაქში ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ეხებოდა საქართველოს მთავრობის #41-ე დადგენილების (შშმ პირთათვის სივრცის მოწყობისა ტექნიკური რეგლამენტი) აღსრულებისას შექმნილ პრობლემებზე, ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობასა და შიდა და სამოქალაქო მონიტორინგის გაძლიერებას.

შეხვედრაზე საუბარი იყო დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე სტანდარტების დაცვის გარეშე მოწყობილ კონსტრუქციაზე. დავით ნარმანიას თქმით, მისივე დავალებით, აღნიშნულ საკითხზე შიდა აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს მოკვლევა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისას ხშირად არ ხდება სტანდარტების დაცვა, ამ მიმართულებით არის კომპეტენციის ნაკლებობა, რის გამოც სპეციალისტებთან თანამშრომლობა აუცილებელია. დავით ნარმანიას თქმით, შშმ პირებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია პროცესებში ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა, რადგან ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ მათ საჭიროებებს. ამასთან, თბილისის მერის თქმით, 2015 წლის სექტემბერში გამგეობებისა და შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებისათვის დაგეგმილია ტრენინგები კონსტრუქციების უნივერსალური დიზაინის სტანდარტებზე.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარეობს საჯარო სივრცისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირების 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომელიც ჰარმონიზაციაში იქნება დედაქალაქის ბიუჯეტთან. ამასთან, მერის განცხადებით, აღნიშნული საკითხების პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები მოეწყობა მედია ორგანიზაციების რედაქტორებთან.

„ბოლო პერიოდში აქტიუალური საკითხია ე.წ. რკინის ხიდები, რომლებიც არ არის ადაპტირებული. ვფქირობთ, რომ იმ ადგილებზე, სადაც დიდი მოთხოვნაა, სამწლიან სამოქმედო გეგმაში ავსახოთ და ყველა სახიდე გადასასვლელი ამ სახით გავაკეთოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

რატი იონათამიშვილის თქმით, შშმ პირეთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყველაზე კარგად იციან ის პროლემები და საჭიროებები, რომლებიც შშმ პირებს გააჩნიათ. ამიტომ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება.

„დღეს შშმ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ისევ სახლებში რჩება და ამიტომ, არ გვაქვს არც ერთი დღის დაკარგვის ფუფუნება, რომ მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა დაუყოვნებლივ არ მოვახდინოთ. დავით ნარმანიამ უკვე დაავალა შესაბამის სამსახურებს, უმოკლეს ვადაში წარადგინონ #41- ე დადგენილების აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ადაპტირება ნიშნავს ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის ხელისაწვდომ გარემოსა და ინფორმაციას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად