პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.