შს მინისტრის მოადგილემ პანკისის ხეობაში შეკრებილ აქციის მონაწილეებს დიალოგი შესთავაზა

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ადგილობრივებთან მოლარაკებების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე ჩავიდა. მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თელავში დიალოგის დაწყება შესთავაზა.

“გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებზეც თითოეული ჩვენთაგანი ზრუნავს და იზრუნებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციას შეეხება, უმკაცრესად დაისჯება, პირდაპირ გეუბნებით.

პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად ეცდება, ხალხის ინტერესი გაითვალისწინოს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, ვისაც თქვენ ენდობით, ჩავიყვანთ თელავში და ჩამოვყალიბდეთ, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე.

მოგიწოდებთ, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. პოლიცია მოწადინებულია და მოწოდებულია იმისთვის, რომ კანონი აღასრულოს და ამავე დროს, თქვენი ინტერესი დაიცვას.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ. გეუბნებით, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ, როგორც თქვენი ინერერესების დამცველი, ასევე იმ ხალხის ინტერესების დამცველი, რომელსაც ინვესტორი ჰქვია. ჩვენთვის თქვენი და მათი ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, კმაყოფილები დარჩეთ და ამ ხეობაში მშვიდობა იყოს”,-განაცხადა საბანაძემ.

ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. პანკისის ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ პროტესს განაგრძობენ და ხეობაში ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები გასული წლის ივნისში მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად შეჩერდა. ცნობისათვის, პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...