შს მინისტრის მოადგილე: პანკისის ხეობაში მუშაობა შევაჩერეთ

პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს განუცხადა. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და დიალოგი შესთავაზა.

“მოგიწოდებთ, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. პოლიცია მოწადინებულია და მოწოდებულია იმისთვის, რომ კანონი აღასრულოს და ამავე დროს, თქვენი ინტერესი დაიცვას.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ. გეუბნებით, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ, როგორც თქვენი ინერერესების დამცველი, ასევე იმ ხალხის ინტერესების დამცველი, რომელსაც ინვესტორი ჰქვია. ჩვენთვის თქვენი და მათი ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, კმაყოფილები დარჩეთ და ამ ხეობაში მშვიდობა იყოს”,-განაცხადა საბანაძემ.

ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. პანკისის ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ პროტესს განაგრძობენ და ხეობაში ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები გასული წლის ივნისში მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად შეჩერდა. ცნობისათვის, პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...