შს მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს: ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციას შეეხება, უმკაცრესად დაისჯება!

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები განახლდა, რასაც ადგილობრივების პროტესტის კიდევ ერთხელ მოჰყვა. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე, რომელიც აქციის მონაწილებთან მოლაპარაკებას ცდილობს.

“გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებზეც თითოეული ჩვენთაგანი ზრუნავს და იზრუნებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციას შეეხება, უმკაცრესად დაისჯება, პირდაპირ გეუბნებით.

პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად ეცდება, ხალხის ინტერესი გაითვალისწინოს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, ვისაც თქვენ ენდობით, ჩავიყვანთ თელავში და ჩამოვყალიბდეთ, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე”,- განაცხადა საბანაძემ.

ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. პანკისის ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ პროტესს განაგრძობენ და ხეობაში ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები გასული წლის ივნისში მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად შეჩერდა. ცნობისთვის, პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...