შს მინისტრი: არავის მივცემთ საშუალებას, ძალის გამოყენებით მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა, ყველაზე მარტივია. თუმცა, ამასთან ერთად წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არა პასუხიმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობიდან გაქცევა.

მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი.

რატომ? იმიტომ რომ პოლიციის და შსს-ს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები, მართლწესრიგი და სამოქალაქო საზოგადოება.

სად არის აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა, ამიხსენით რას ნიშნავს, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები კონკრეტული მითითებებით, კონკრეტული მითითებებით აორგანიზებდნენ აქციას…

ერთმნიშვნელოვნად და ყოველთვის, დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს აქცია არ იყო მშვიდობიანი.

ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამე, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. შეუძლებელია. სხვანაირად ჩვენ ნორმალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ”, – განაცხადა გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...