“შრომის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს ცქიტიშვილი და ხულორდავა ევროპის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში, გაიმართება დეპუტატების: დიმიტრი ცქიტიშვილისა და თამარ ხულორდავას შეხვედრა ევროპის ბიზნეს ასოციაციის გამგეობის წევრებთან, რომლის დროსაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას.

კერძოდ, ცვლილებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალის გაფართოება და დაზუსტება; ნორმირებული და ზეგანაკვეთური შრომის ცნებების დადგენა; შვებულების, დასვენებისა და შესვენების სტანდარტების დადგენა; დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის კონსულტაციების გამართვის სამართლებრივ რეგულაციას, სტაჟირების მექანიზმის შემოტანას შრომით ურთიერთობებში და სხვა.

ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს “შრომის კოდექსის” მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუციური საფუძვლების შექმნას.

საკითხის სპეციფიკიდან და მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. მათ შორის პროფესიული კავშირებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების ჩართულობა და მხარეთა პოზიციების მაქსიმალური დაახლოება.

ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან კანონპროექტების ინიციატორთა შეხვედრის მთავარი მიზანია საქართველოში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად