შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ. ბიზნეს ასოციაციის, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დეტალურად განიხილავენ ცვლილებათა პაკეტს და კანონპროექტის ინიციატორებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი თემა სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხია.

ეს არის პირველი შეხვედრა საჯარო განხილვების ციკლიდან და მსგავსი ფორმატის დისკუსიები რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსაზრებათა გაჟღერება და პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებაა.

„გვჭირდება ერთის მხრივ დასაქმებულების ინტერესების, მეორეს მხრივ კი დამსაქმებლების მოსმენა, მათი პოზიციების დაახლოება, რადგან შრომით ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების გზით. რამდენად შესაძლებელია ხედვების შეჯერება, ამას გვანახებს ეს დღეები, როცა ჩვენ გვექნება განხილვები. ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, გამოთქვას საკუთარი პოზიცია, თუ როგორ გავაუმჯობესოთ შრომითი გარემო ქვეყანაში. უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომლებიც შრომით უფლებებს დაიცავს და რაც მთავარია, ეს უნდა მოემსახუროს ბიზნესის განვითარებას, რადგან უფრო დაცული დასაქმებული უფრო პროდუქტიულ თანამშრომელს ნიშნავს,” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე საჯარო განხილვას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰაცელი. მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება მსგავს რეფორმებს საქართველოში და მზად არის, მაქსიმალურად ჩაერთოს ცვლილებების განხილვაში.

„ეს პროექტი მხოლოდ ერთეულ ადამიანებს არ ეხება. ეს არის საზოგადოებაზე მორგებული პროექტი, რომლის მთავარი პრინციპიც ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემაა. კანონპროექტი ადამიანს აძლევს განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობას. მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, მიხარია, რომ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ განვაგრძობთ კანონპროექტის შესწავლას და რამდენიმე კვირაში კვლავ შემოგიერთდებით განხილვებზე,“ – განაცხადა კარლ ჰაცელმა.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შრომის კოდექსი გაუმჯობესდება და დაიხვეწება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად