შოთაძე: პაპუაშვილისგან პროკურატურისადმი უნდობლობის გამოცხადება უწყების დისკრედიტაციაა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრა ამ საქმისადმი დაინტერესებაზე მეტყველებს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, არ ეთანხმება გიორგი პაპუაშვილის საგამოძიებო უწყებებისადმი უნდობლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

"ვერ გეტყვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რა გარანტიები მიიღო, როდესაც ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა, თუმცა ვფიქრობ, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მასთან შეხვედრა საჯარო მესიჯი იყო მის მიმართ, რომ ყველას აინტერესებს რაიმე ზეწოლა თუ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ.

რაც შეეხება გამოძიების მიმართ უნდობლობას, ვფიქრობ, რომ ცუდი გზავნილები იყო და ეს მესიჯები არ უნდა განხორციელებულიყო პროკურატურის ორგანოების მიმართ, რადგან ჩვენ ყოველთვის რეაგირებას ვახდენთ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებაზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით მომართვა არ ყოფილა და წინასწარ უნდობლობის გამოცხადება საგამოძიებო ორგანოს მიმართ აზიანებს მთელ სისტემას და ვფიქრობ, არ არის საჭირო დისკრედიტაციის მოხდენა ასეთი უწყებების მიმართ იმიტომ რომ ეს არის ინსტიტუციები, რომელზეც დგას ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და შესაბამისად ინსტიტუციების დისკრედიტაცია არავის ინტერესებში შედის, შესაბამისად, ვერ დავეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იმ განცხადებებში, რომელსაც იგი აკეთებდა ჩვენს შეხვედრამდე", – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად