შოთა უტიაშვილი: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს

"ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 15-დან 30%-მდეა. 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს",-ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა, სომხეთის და ბელარუსის მსგავსია – 60%. როგორც უტიაშვილმა აღნიშნა, ეს აჩენს ეჭვებს, რომ სტატისტიკა გაყალბებულია.

"რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, მაჩვენებელი, რომელიც აქვს ნორმალურ ევროპულ ქვეყანას, ეს არის 15-დან 30%-მდე. 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამაზე მაღალი თუ არის დღეს, საქმე გვაქვს დანაშაულის დამალვასთან, იმიტომ რომ 60 და უფრო მაღალი პროცენტი აქვთ სომხეთს, ბელარუსს და ასეთ ქვეყნებს. ეს მონაცემები ძალიან საეჭვოა. ახლა 3 წელიწადში არ მგონია, რომ პოლიციის პროფესიონალიზმი ისე გაზრდილიყო, რომ სამჯერ მეტ საქმეს ხსნიდნენ",-განაცხადა უტიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ რა გახსნის მაჩვენებელი იყო მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, უტიაშვილმა აღნიშნა, რომ მაშინ ეს მაჩვენებელი 20% იყო.

"20%-ს ფარგლებში იყო, 19% იყო ბოლოს, 2012 წელს. ახლა ამათ აქვთ 60-მდე. იმის ფონზე, რომ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, მემგონი მომატებული უნდა იყოს წინა წელთან შედარებით დანაშაული",-აღნიშნა უტიაშვილმა.

უტიაშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაულის რაოდენობის ზრდაზე მოცემულ შემთხვევაში მოსახლეობის განწყობა და IRI-ს კვლევები მეტყველებს.

"რომ ვნახოთ ბოლო გამოკვლევა, რომელიც ჩაატარა IRI-მ, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ დანაშაული გაიზარდა. შესაბამისად უფრო სანდო მგონია ის მოსახლეობის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, ვიდრე ის კვლევა. თან ვიცით რომ 3 წელი ყალბდება, თან ყოველ წელს ამბობენ ახალი მეთოდოლოგია გვაქვსო",-დასძინა უტიაშვილმა.

შსს-ს მიერ გავრცელებული დანაშაულის სტატისტიკის ნაწილი: 2015 წლის იანვარ-მარტი – საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება 2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.24%.

სრული სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 

შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად