შოთა დიღმელაშვილი: ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა რომ არ მისცა, თავი დაიზიანა

“ზოგადად პარტიები მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს იყო სტრატეგიული შეცდომა”, – ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვლიას” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ოპოზიციის შესახებ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მისი თქმით, ამით ოპოზიციამ მხოლოდ თავი დაიზიანა.

“ზოგადად პარტიები მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს იყო სტრატეგიული შეცდომა, როდესაც მეორე და მესამე მოსმენებზე ოპოზიცია არ შევიდა. თუმცა, ოპოზიცია გასაკრიტიკებელი მხოლოდ მაშინ იქნებოდა თუ ეს კანონპროექტი ჩავარდებოდა. რეალური საფრთხე იყო პირველ მოსმენაზე, რის შემდეგაც შებრუნება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ შევიდნენ და მისცეს ხმა. ამ თვალსაზრისით ოპოზიციასაც მადლობა ეკუთვნის, იმიტომ რომ მონაწილეობდნენ ამ პროცესებში. მოლაპარაკებების პროცესში ქართული საზოგადოების ინტერესებს ოპოზიცია წარმოადგენდა და ეს საქმე კარგად მივიდა ბოლომდე. მე მგონია, რომ როდესაც ოპოზიციამ არ მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამით უბრალოდ თავი დაიზიანეს”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 117 ხმით სამის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება. კენჭისყრაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიუხედავად „ქართული ოცნებაც“ და ხსენებული ოპოზიციური პარტიებიც თავის დამსახურებად მიიჩნევენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად