შოთა არველაძე: ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ყველაზე მეტად იმოქმედა ფეხბურთელებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მომბარდირი, ამჟამად ტაშკენტის “ფახათქორის” მთავარი მწვრთნელი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გუშინდელ ისტორიულ მატჩს ეხმაურება.

“ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ.

არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს”, – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველომ ისტორიული მატჩი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. საქართველოს პირველად ჰქონდა ისტორიული შანსი ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში 0:1 წააგო. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი ამ მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად