შნობელის ლაურეატები: ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად ორგაზმს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც გაჭედილობის საწინააღმდეგო წამალს

9 სექტემბერს 2021 წლის შნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო შნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დაჯილდობის ცერემონიალი ჰარვარდის უნივერსიტეტის სანდერსის თეატრის ნაცვლად ონლაინ ჩატარდა.

მედიცინის დარგში 2021 წლის შნობელის პრემია გერმანელმა, თურქმა და დიდმა ბრიტანელმა მეცნიერებმა მოიპოვეს ნაშრომისთვის: „შეუძლია თუ არა სექსს ცხვირის ფუნქციის გაუმჯობესება? – კვლევა სექსსა და ცხვირის ფუნქციის კავშირზე”.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ სექსის მომდევნო 60 წუთის განმავლობაში ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესების ხარისხი ისეთივეა, როგორიც ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღებისას.

მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სექსის მომდევნო 60 წუთის განმავლობაში ცხვირით სუნთქვის ხარისხი უმჯობესდება კლიმაქსის პირობებშიც.

კვლევა 2020 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობას 18 წყვილი (კაცი და ქალი) იღებდა. ყველა მათგანი მედიცინის მუშაკი ან მედიცინის მუშაკის პარტნიორი იყო. კვლევის პროცესში უახლესი პორტატული რინომეტრები გამოიყენებოდა. რინომეტრის მიერ დაფიქსირებული შედეგების დაფიქსირება თავად კვლევის მონაწილეების მიერ, მათ საცხოვრებელ ბინებში ხდებოდა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ცხვირსა და გენიტალიებს შორის კავშირზე დიდი ხნის წინ მიუთითეს ზიგმუნდ ფროიდმა და მისმა მეგობარმა ოტარინოლოგმა ვილჰემ ფლისმა, თუმცა ეს კავშირი მხოლოდ ახლა, რინომეტრული მახასიათებლების მოპოვების და გაანალიზების შემდეგ დადასტურდა.

მეცნიერთა თქმით, ისინი ვალდებულად მიიჩნევენ თავს აღნიშნონ, რომ კვლევის პროცესში ყველა მონაწილემ ვერ შეძლო სექსის წინა და სექსის მომდევნო პერიოდის რინომეტრული მახასიათებლებზე დაკვირება. გარდა ამისა, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საკვლევი ჯგუფები ერთი პროფესიის ადამიანებისგან შედგებოდა.

კომენტარები
იტვირთება...