შიოლაშვილი: მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მზად ვარ ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ მანდატი

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც არასტაბილურობაში გადადის. აქ არის მეორე კითხვა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რამდენად იქნება გარანტი ქვეყნის სტაბილურობის?

მხარს არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას. მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი. თუ ჩვენს მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ და იქნება გარკვეული ზეწოლა, მზად ვართ, გადაწყვეტილება მანდატის დატოვებაზე მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვა დაიწყო და  კენჭისყრის საფუძველზე ჩააგდო ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3%-იანი ბარიერით და პოლიტიკური ბლოკებით ითვალისწინებს.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიცირებულია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს.

მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად