შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ
სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს

მას ბრალად დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ტყიბულში,
გელათის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი
ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ნაცნობი – 1987 წელს დაბადებული ა.ფ.
სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ამის შემდეგ კ.რ. შემთხვევის ადგილიდან
მეგობრის – 1974 წელს დაბადებული ზ.ს.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით
მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო
დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, კ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში,
ბრალდებულის სახით დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი – ზ.ს. კი, დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციის მიერ მომხდარიდან მალევე, ტყიბულში
იქნა დაკავებული.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები
იტვირთება...