შეუძლია თუ არა ხელისუფლებას არჩევნების ხელოვნურად გადადება?! – ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნები ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში გაიმართოს და ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

“აიპრესმა” ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც იმ პროცედურებზე საუბარობს თუ რა შემთხვევაში შეიძლება გადავადდეს არჩევნები და ასევე იმაზეც, აქვს თუ არა ხელისუფლებას შესაძლებლობა ხელოვნურად გადაწიოს არჩევნები.

_ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ არ არის გამორიცხული, რომ არჩევნები დეკემბრისთვის გადაიდოს და ეს დაკავშირებულია ეპიდემიურ სიტუაციაზე. დღეს ამირან გამყრელიძემ კი გვითხრა, რომ ჯერჯერობით ეს ვითარება არ არის, მაგრამ მე მაინტერესებს, რას გვეუბნება კონსტიტუცია ასეთ ვითარებასთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს არჩევნების გადავადება?

_ კონსტიტუციით არის განსაზღვრული საკითხი შემდეგნაირად, რომ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა მთელ ქვეყანაშია გამოცხადებული და ეს დაემთხვა საარჩევნო პერიოდს, მაშინ არჩევნები არ გაიმართება და არჩევნები უნდა გაიმართოს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებიდან არანაკლებ 45-ე დღისა და არაუმეტეს 60-ე დღისა.

ეს ხდება მაშინ, თუ მთელ ქვეყანაშია გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ქვეყნის რომელიმე ნაწილში, მაგალითად როგორც იყო ჩვენთან ბოლნისსა და მარნეულში, მთელ ქვეყანაში იყო, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ იქ სხვა რეჟიმი იყო. ვთქვათ რომ მოხდა, რომელიმე ადგილას ეპიდემიის აფეთქება, მაშინ შესაძლებელია, რომ მხოლოდ იმ გარკვეულ ტერიტორიაზე შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ასეთ შემთხვევაში არჩევნების ჩატარების საკითხს წყვეტს პარლამენტი. ანუ, პარლამენტს შეუძლია თქვას, რომ გაიმართოს არჩევნები ქვეყნის დანარჩენ ნაწილში და იმ ნაწილში არა. ამდაგვარი რამე შესაძლებელია. კონსტიტუცია ამის თაობაზე მეტს არაფერს ამბობს, თუმცა აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ თავად იმ საკითხს თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

ანუ, უნდა იყოს ობიექტური და საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ითქვას, არსებული მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ეს უნდა იყოს სარწმუნო ყველასთვის.

_ ანუ, მარტივად რომ ვთქვათ ხელისუფლება ხელოვნურად ვერ შექმნის ამ ვითარებას?

_ უყურეთ, როგორ არის საქმე – ვთქვათ, რომ რაღაცა მოსაზრებების გამო ხელისუფლებას უნდა რომ იყოს საგანგებო მდგომარეობა. დავუშვათ არ არის ამის ობიექტური საფუძველი, ასეთ შემთხვევაში ასეთი პოზიცია უნდა დაიკავოს მთავრობამაც, პრეზიდენტმაც და საპარლამენტო უმრავლესობამაც. ანუ სამივემ უნდა მოინდომოს, რომ ობიექტური საფუძვლების არარსებობისას გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. არც ეს არის გამორიცხული და შესაძლებელია ასეთი რამე მოხდეს.

_ ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი რჩება?

_ ნორმატიული ხასიათის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამის შესაძლებლობას იძლევა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ფაქტობრივად ნორმატიული ხასიათისაა, იმიტომ, რომ მას მოყვება ხოლმე უფლებების შეზღუდვა, ამიტომ შესაძლებელია გასაჩივრდეს, მაგრამ მანდ მთავარი ეს არ არის.

_ სხვა მექანიზმიც რჩება?

_ მთავარია ის, თუ როგორი იქნება საზოგადოებაში რეაქცია არაობიექტურად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ეს პირველ რიგში დაარტყამს ხელისუფლებას, ანუ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზრდება უკმაყოფილება ხელისუფლების ამ მოქმედების გამო. ბოლოსდაბოლოს ხომ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა და არჩევნები ხომ გაიმართება?! ცხადია, რომ ვინც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება ის სერიოზულად დაკარგავს მხარდამჭერთა რაოდენობას. ამიტომ, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაზე დადგება ხოლმე საქმე, მისმა მიმღებმა წესით ყველა ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში როგორი იქნება თავად მისთვისვე მიყენებული ზიანი.

ალბათობა იმისა, რომ ობიექტური მიზეზების არარსებობის გამო გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა, თავად ხელისუფლებისთვის იქნება არარაციონალური. ამიტომ, არა მგონია, რომ მსგავსი რამე მოხდეს. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებენ დარგის სპეციალისტები. საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ეპიდემიოლოგები გვყავს და წესიერი ადამიანები არიან. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეა ცნობილი და არა მგონია, რომ მათ არაობიექტური შეფასება გააკეთონ ვითარებაზე. თუ მათი შეფასება არ იყო იმგვარი, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არა მგონია, რომ ხელისუფლებამ გაბედოს მსგავსი რამის გაკეთება, კიდეც რომ უნდოდეს.

ერთ ფაქტორსაც მივაქციოთ ყურადღება. ამ ეპიდემიის დროს ხელისუფლების მოქმედება ზოგადად საზოგადოების მხრიდან დადებითად არის შეფასებული. სწორი იყო ეს მოქმედება, რამაც გამოიწვია ხელისუფლების რეიტინგის გაზრდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის მიწურულსა და ახლა უკვე იმდენი ეკონომიკური პრობლემა გაჩნდა…

_ ანუ მისი გამოცხადება ობიექტური და რეალური საფუძვლის გარეშე თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს?

_ დიახ, ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ასეთი პრობლემების გაზრდა უფროა მოსალოდნელი, ვიდრე შემსუბუქება.  შესაბამისად, ამან ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად დაიწყო მოქმედება. წლის ბოლოსთვის, მაგალითად ოქტომბრისთვის, როდესაც არჩევნები უნდა გაიმართოს, თუკი ხელისუფლებამ კვლავ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, რაც ცუდად იმოქმედებს ხელისუფლებაზე. მით უმეტეს თუ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იყო საჭირო, ეს კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე. შესაბამისად არჩევნების თარიღის გადაწევა ხელს არ უნდა აძლევდეს ხელისუფლებას.

კანონი და კონსტიტუცია შესაძლებლობას რომ იძლეოდეს, ხელისუფლებას ახლავე უნდა გაემართა არჩევნები. იმიტომ, რომ მისი რეიტინგი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. მისი რეიტინგის გაზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო შემცირება უფრო რეალურია, მაგრამ ამის შესაძლებლობას მას არ აძლევს არც კონსტიტუცია და არც კანონი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად