შესაძლოა, კაკულიამ და ჯაშმა 2020 წლამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვერ შეინარჩუნონ

შესაძლოა, რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა 2020 წლამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვერ შეინარჩუნონ.

აღნიშნულის მიზეზია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე უმრავლესობის აღნიშნული წევრების მხრიდან კენჭისყრაში არმონაწილეობა, რის შემდეგაც ითქვა, რომ “ქართული ოცნება” ამ დეპუტატების საკითხზე იმსჯელებდა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, კოლეგებს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს მეტი ყურადღება მართებთ.

“მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მთავარი ვერ გაიგეს – აქ საუბარი კი არ იყო, რომ დაეპატიმრებინათ თუ არა პარლამენტის წევრი, აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პარლამენტის წევრის უფლებები გაეთანაბრებინათ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას პრეტენზია და მითუმეტეს, მიმართავდეს სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტს საკითხს და არა პარლამენტი. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღების დროს გაცილებით მეტი ყურადღება მართებს ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი კოლეგა თუ სხვა“, – თქვა გია ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა მარიამ ჯაში და რომან კაკულია პარლამენტის უფლებამოსილების ბოლომდე კომიტეტის თავმჯდომარეები, ვოლსკიმ უპასუხა: „ვნახოთ“.

“მოხდება მსჯელობა. არ შეიძლება ასეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს. მე მაქვს გარკვეული პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ“, – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა მხარი არ დაუჭირეს. რომან კაკულია დარგობირივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა. მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად