შესაძლოა, პარლამენტში მანანა კობახიძე ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლოს

შესაძლოა პარლამენტში მანანა კობახიძის ადგილი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანანა კობახიძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა საპარლამენტო კვოტით უნდა დამტკიცდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად სწორედ მანანა კობახიძე განიხილება. მანანა კობახიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

თუ მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს, მაშინ მის ადგილს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ოხანაშვილი საპარლამენტო სიაში 49-ე ადგილზე იყო, შესაბამისად პარლამენტში ადგილი სწორედ მას ეკუთვნის. ვინაიდან 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილზე მყოფმა გუგული მაღრაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი ხატიძემ პარლამენტიდან მთავრობაში წასული გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილები დაიკავეს.

ანრი ოხანაშვილი ამ დროისთვის პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ანრი ოხანაშვილი 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა დროს იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, დეკანის თანაშემწე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

2008-2009 წლებში იყო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) პროექტის „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისთვის საქართველოში“ სამეცნიერო შემსრულებელი.

2015 წლიდან არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი (Schriftleiter).

2008-2010 – სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანულ-ქართული პროექტი სისხლის სამართალში – ფოლკსვაგენის ფონდი („VW-Stiftung“).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...