„შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მერია კიდევ რამდენიმე იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – თბილისის მერია პროექტის ფარგლებში მოქალაქეების მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. მათ შორის ერთ-ერთია საათი „გიგანტურ ბორბალზე“ და წარწერა „თბილისი“ მთაწმინდის ფერდობზე. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის პარალელურად, დაწყებულია რამდენიმე თვის წინ შერჩეული იდეების განხორციელებაზე მუშაობა. 

„სულ მალე ვიხილავთ დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ვიწყებთ ნარჩენების მართვას. 

ამჟამად კი განიხილება კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია სწორედ საათი „გიგანტურ ბორბალზე“. 

ამ იდეამ, როგორც სხვა განსახილველმა იდეებმა, დააგროვა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, მე დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის. 

არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც დაინტერესდა და გვითხრეს, რომ შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ „ფილიპსი“ და „იგუცინი“. ჩვენ განვიხილავთ მის განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი ორმა ბატონ ლევან ჯღარკავას მიერ მოწერილი წერილი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც გაფორმებული ხელშეკრულება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც. 

პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც, რა თქმა უნდა ვეთანხმებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ასევე განიხილება მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის – „თბილისი“ განთავსების იდეა, რომელზეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მერიასთან არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო იმსჯელებს.

„ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე ეს წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და მინდა, რომ ვიკითხოთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განმარტა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ წარმოადგინონ საუკეთესო იდეები, რომლის განხორციელების შესაძლებლობას მერია განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად