“შედი ქალო კუხნაში” უნდა დასრულდეს!”-გრიგოლიას მიმართვა ხაზარაძეს სოლიდარობა ცქიტიშვილს და პერფორმანსი პირდაპირ ეთერში

გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ლელოს” დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო მიმართა და აღნიშნა, რომ სიტყვები ისეთივე გასაბრაზებელია, როგორც სხვების მიერ სხვა ქალებზე უდიერად გამოთქმული სექსისტური გამონათქვამები.

გრიგოლიამ მაია ცქიტიშვილის მისამართით სოლიდარობა გამოხატა და პირდაპირ ეთერში ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო იმის საილუსტრაციო თუ რამდენი რამის გაკეთება უწევთ ქართველ ქალებს. ცნობილმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა.

“ბატონო მამუკა, პირდაპირი ეთერიდან მინდა მოგმართოთ. ეს თქვენი სიტყვები ისეთივე გასაბრაზებელია, როგორც სხვების მიერ სხვა ქალებზე უდიერად გამოთქმული სექსისტური გამონათქვამები. ის, რომ მინისტრ ცქიტიშვილის შესაფასებლად ასეთი მიუღებელ განცხადებას ვისმენთ ეს ძალიან ცუდია პოლიტიკაში ახლად ფეხშემოდგმული ლიდერისგან, რადგან შეიძლება ქალი სამზარეულოშიც მაგარი იყოს, პოლიტიკაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. როგორც ცხოვრება აჩვენებს თითქმის ყოველთვის ეს ასეა, დამიჯერეთ. სულ ამას ვამბობ, სულ ამას ვაპროტესტებ, რომ ქალებს არ შეიძლება მიგვიჩინოთ ადგილები “კუხნაში”. ბატონო მამუკა, მე გადაცემებიც მიმყავს, პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილებაც მაქვს და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გემრიელი ხაჭაპურებიც გამომდის. ასე, რომ როცა სხვა დროს რომელიმე ქალი პოლიტიკოსის, ან მინისტრის გაკრიტიკება მოგესურვებათ, იქნებ საქმიანად აკრიტიკოთ და არა ხაჭაპურებით და სამზარეულოს ასოციაციებით. ეს ჩემთვის მიუღებელი განცხადებაა მამაკაცი პოლიტიკოსისგან. პოლიტიკა სხვა სფეროა, რომელსაც თავისი წესები აქვს და აქ სამზარეულოს წესები არ უნდა დაგვისწესოს რომელიმე მამაკაცმა ჩვენი საქმიანობის ჩარჩოებად, ჩვენ ქალებს, რომლებსაც სხვათა შორის კაცებისგან განსხვავებით ორმაგი ჯაფა გვადგას, რადგან ქალები ვართ. სახლის დალაგებაც გვიწევს, სარეცხის გარეცხვაც, საჭმელების კეთებაც, ოჯახზე ზრუნვაც და სამსახურში ჩვენი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებაც, რაც ბევრ კაცზე კარგად გამოგვდის.

მაია ცქიტიშვილს კი მინდა ვუთხრა, მაგარია ქალბატონო მაია თუ ქალები კარგ ხაჭაპურსაც ვაცხობთ და აქტიურებიც ვართ, სახელმწიფო თუ კერძო სფეროში საქმიანობისას. როგორც ქალი ამ ჩემი პოზიციით თქვენს მიმართ სოლიდარული ვარ. ამ ქვეყანაში ეს “შედი ქალო კუხნაში” ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს აქტიური ქალების კრიტიკა, ხაჭაპურებზე გავლით. მეპირადად მართლმა მიჯანყებს სისხლს მსგავსი განცხადებები”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში.

მიმართვის შემდეგ კი საილუსტრაციოდ პირდაპირ ეთერში ერთგვარი პერფორმანსი წარმოადგინა და პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა. ამასთან გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მისი დილა იწყება ასე, რომ შედის სამზარეულოში, თუ საჭიროა ცომსაც ზელს, ალაგებს სახლს და ამის შემდეგ მიდის სამსახურში. გრიგოლია ამბობს, რომ ცოლის მოზელის პარალელურად ფიქრობს საქმეზე და იმაზე რა კითხვა უნდა დაუსვას რესპონდენტებს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.

ამ განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განცხადება სექსისტურ განცხადებად იყო აღქმული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად