A1 ბანერი

შავგულიძე: ვაღიაროთ ის პოზიტივები, რაც “ნაცმოძრაობამ” შექმნა და იმაზე დავაშენოთ ახალი

“ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ვერ ხვდება, რატომ აკრიტიკებს მას საზოგადოების ნაწილი “ევროპულ საქართველოსთან” გაერთიანების გამო.

შალვა შავგულიძე „აიპრესთან“ აცხადებს, რომ ვერც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ვერც გარეშე მტერი(რუსეთი.ავტ.) ვერ მოატყუებენ ქართულ საზოგადოებას.

ბატონო შალვა, არც „ოცნება“ და არც გარეშე მეტერი… ბადრი პატარკაციშვილის თემა, ტელეკომპანია „იმედიში“  სპეცრაზმის შევარდნა, 2007 წლის 7 ნოემბერი… ფაქტობრივად, „იმედში“ სპეცრაზმით შევარდნაში გიგი უგულავას სახელი ფიგურირებდა. თქვენ იყავით ამ საქმეების ადვოკატი და თავად საუბრობდით ამაზე ხმამაღლა… რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ფოტო, სადაც გიგი უგულავასთან ერთად ხართ და შამპანურის ბოთლს ხსნით. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოებაში უკმაყოფილება, რომ თქვენ გიგი უგულავას გვერდით იდექით…  ეს არ გიქმნით უხერხულობას?

ამაზე „ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი განმარატავს:

„იძულებული ვარ კიდევ ერთხელ ვთქვა: თუკი კონკრეტულ ადამიანებს აქვთ დანაშაული ჩადენილი, 7 წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, წინა ხელისუფლება აღარ არის ხელისუფლებაში, რატომ არ იმოქმედა კანონმა და რატომ არ მოითხოვო პასუხი? სადაც კანონმა ვერ მოითხოვა პასუხი და არსებობენ პოლიტიკური ძალები კონკრეტული შემადგენლობით და ამ პოლიტიკურ ძალებს ჰყავს მილიონამდე საქართველოს მოქალაქე მხარდამჭერი, ე.ი. მას აქვს არსებობის შესაძლებლობა.

ჩვენთვის “თავისუფალი დემოკრატებისთვის” და პირადად ჩემთვის მისაღებია ყველა პოლიტიკური დასავლური ღირებულებების ძალებთან თანამშრომლობა. მაგრამ ვიმეორებ, სხვადასხვა ხარისხით. თუ ჩვენ ღირებულებებით არ გავერთიანდებით და გავიყავით რაღაც მოგონილი, თავსმოხვეული ფობიებით და დავიყავით მტრულ ბანაკებად, ჩვენ უბრალოდ მომავალს ვერ შევქმნით.

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ჩვენი შვილების მომავალზე ორიენტირებული და ტყუილად ნუ ცდილობს ნურც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ნურც გარეშე მტრები, რომ ადვილად მოატყუებს ქართულ საზოგადოებას. დიდი ხანია გვატყუებენ, ბევრი უბედურება დაგვმართეთ, მაგრამ ეს მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ.

ვერცერთი პოლიტიკური ძალა გაერთიანების გარეშე თავის ოთხწლიან, თუნდაც რვაწლიან ციკლში საქართველოს ისტორიას ვერ დაიწყებს და ვერ დაამთავრებს.

ჩვენთან ყოველთვის ასე ხდებოდა, ყველა ხელისუფლების შეცვლა, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირების ხარისხში იყო დაყვანილი. შემდეგ გამარჯვებული მხარე დამარცხებულს აგზავნიდა ციხეში და აცხადებდა მტრად. და ყველა საკუთარ წარუმატებლობას აბრალებდა იმას, აი, 5 და 10 წლის წინ ის რომ ვერ მართავდა, იმის ბრალია მე რომ ვერ ვაკეთებ. ეს უნდა დავამთავროთ.

ვაღიაროთ პოზიტივები რაც წინა ხელისუფლებამ შექმნა და იმაზე უნდა დავაშენოთ ახალი პოზიტივი თუ გვინდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება. თუ არც ერთი ძალა არაფერს გააკეთებს, მხოლოდ წასულს გამოაცხადებს მტრად, ვერ შევდგებით საზოგადოებად. სამწუხაროდ, 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში, 30 წელია ჩვენთან ხელისუფლების შეცვლა არის სამოქალაქო დაპირისპირება და დამარცხებული ძალის ციხეში წასვლა. ეს ანომალია უნდა დავამთავროთ, რომელსაც თავს გვახვევს ჩვენი ნამდვილი მტერი. უნდა დავინახოთ ვინ არის მტერი და გავერთიანდეთ, სადაც შეიძლება გაერთიანება.

“თავისუფალი დემოკრატებისთვის” მისაღებია თანამშრომლობა სხვადასხვა ხარისხით ყველა დასავლური ორიენტაციის ძალაში, ვინაიდან არადასავლური პერსპექტივა არის ჩვენი ქვეყნის რეგრესი და დაბრუნება ნეგატივში, რაშიც 70 წელი ვიყავით“, – განაცხადა „აიპრესთან” შალვა შავგულიძემ.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...