შავგულიძე: უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის სამ საფეხურიანი ეტაპი მართვადი მოსამართლეების შერჩევას ემსახურება

უზენაესი სასამართლოს კანდიდატები, რომლებსაც სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით არ ფასდებიან, – ამის შესახებ „აიპრესს“ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ პარლამენტში უზენაესის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

შავგულიძე ამბობს, რომ ამ მიზნით არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. პოლიტიკოსი კანდიდატების შერჩევის სამ საფეხურიან ეტაპზეც საუბრობს, რაც მისი შეფასებით იმიტომ ხდება, რომ კლანის ინტერესები იყოს გათვალისწინებული სრულად და უზენაესში მართვადი მოსამართლეები იყვნენ არჩეულები.

„თვალსაჩინოებისთვის ორი სიტყვით ვიტყვი – გვახსოვს გასული წლის დეკემბერში როგორ შეეცადა წინასაახალწლოდ ქართული ოცნება, რომ იუსტიციის საბჭოს ამ კლანს ჩუმად შემოეცურებინა სასურველი კონტროლირებადი კანდიდატები და ახალი წლის პერიოდში მომხდარიყო მათი დამტკიცება, მაგრამ როგორც კი ამას მოჰყვა საზოგადოების მწვავე კრიტიკა, იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. მაშინ თქვეს რომ შეიმუშავებდნენ კანონს, რადგან მაშინ რეგულაცია საერთოდ არ არსებობდა – არც კარგი და არც ცუდი. მაგრამ ძალიან ცუდი რეგულაციები შეიმუშავეს, რომელიც ნეგატიურად შეაფასა ვენეციის კომისიამაც. იმდენად ნეგატიურად შეაფასა მან, რომ თქვა უმჯობესია უზენაესის მოსამართლეების ნახევარი მაინც არ განამწესოს და შემდეგ პარლამენტს დარჩეს ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაო. იუსტიციის საბჭოსა და ამ მოწვევის პარლამენტის მიმართ ძალიან დაბალი ნდობაა და ეს თავად უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობაზეც უარყოფითად იმოქმედებსო“, – ამბობს შავგულიძე.

პოლიტიკოსის თქმით, ამ კანონის უარყოფითი მხარეები კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებში მდგომარეობს.

„ახლა მოკლედ შევეცდები რომ აგიხსნათ. სამი საფეხური აქვს კანდიდატების შერჩევას უმრავლესობის მიერ შემუშავებული ამ კანონით:

პირველ ეტაპზე რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობის გაცხრილვა ხდება და დაყვანა 2.5-3-ჯერ მეტ რაოდენობამდე და ეს ხდება იუსტიციის საბჭოს მიერ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე. საბჭოს წევრი არ არის ვალდებული რაიმე განმარტება გააკეთოს, რატომ აირჩიეს ერთი და მეორე დაიწუნა. თვითნებურად შეუძლია, რომ ვიღაცები გადახაზოს, ხოლო ვიღაცები არ გადახაზოს. ანუ არასასურველი კანდიდატები პირველი გაცხრილვის დროს ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე იქნებიან გაცხრილულები.

მეორე ეტაპზე ვაკანსიაზე 2.5-3-ჯერ მეტი რაოდენობიდან ვაკანსიების რაოდენობამდე უნდა იყვნენ დაყვანილები. აქ მოქმედებს ასეთი წესი, რომ სამოსამართლეო გამოცდილების მქონე კანდიდატები ფასდებიან მხოლოდ კომპეტენტურობის კრიტერიუმით. როგორც უნდა ეს კლანს, რომ გაყვანილები იყვნენ კლანის წევრები ან მათთან დაახლოებული კანდიდატები. ამ კანდიდატებს ათავისუფლებენ კეთილსინდისიერების კრიტერიუმებიდან და მხოლოდ მათ კომპეტენტურობას აფასებენ. ეს მაშინ, როდესაც ქვედა ინსტანციებში მოსამართლეები ორივე კრიტერიუმით ფასდებიან.

უცნაურია ისიც, რომ არსებობს მესამე ეტაპიც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ უკვე ვაკანსიების ოდენობამდე დაყვანილი სიების მიმართ კიდევ ერთხელ ხდება კენჭისყრა. ანუ, სია ვაკანსიებამდეა დაყვანილი, მაგრამ ემანდ ვინმეს არ გაეპაროს ისეთი, ვინც მათთვის არასასურველია. ეს ამით აიხსნება, თორემ ეს მესამე ეტაპი ხომ საერთოდ ალოგიკურია, თორემ რატომ უნდა ჰქონდეს კიდევ ერთხელ გადასინჯვის უფლება იუსტიციის საბჭოს. ეს იმიტომ, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას უთანხმებენ, რომ აი ბატონო ამ სიის გადაგზავნას ვაპირებთ და თუ ვინმე არ მოგწონთ გვითხარით, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის შემცირება და ამოღება“, – განმარტავს შავგულიძე.

მისი თქმით, ასეთი უსამართლო წესით შერჩეული კანდიდატები რა თქმა უნდა არ იქნებიან სამართლის მომტანი ქვეყნისათვის.

„ასე, რომ ბატონი ლევან კობერიძის იდეა ძალიან კარგია, თუმცა განხორციელებადი არ არის. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა და ეს კანონი ასეთი იმიტომ არის და იმიტომ არ იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული, რომ უზენაესი სასამართლო მართვადი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. ამით კიდევ ერთხელ მივდივართ იმ აუცილებლობამდე, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი“, – გვითხრა შალვა შავგულიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად