შავგულიძე: თუ ზედა პალატის გადაწყვეტილებამდე რ2-ის მეპატრონეს შეცვლიან, ეს მისი მიტაცება იქნება

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პერსპექტივა მაინც არსებობს. ერთი ეს არის გადაწყვეტილების ზედა პალატაში გასაჩივრება და ხელისუფლების მართლზომიერება, რომ გადაწყვეტილებას დაელოდოს. შავგულიძის თქმით, მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე ხელისუფლება ასე მოიქცა და თუ იმ საქმეზე არ აღასრულა ზედა პალატის გადაწყვეტილებამდე სტრასბურგის განაჩენი, ამ შემთხვევაშიც ასე უნდა მოიქცეს.

როგორც შავგულიძემ საკითხის კომენტირებისას „აიპრესს“ უთხრა, თუ ხელისუფლება ასე არ მოიქცევა, მეორე გამოსავალი არის ნიკა გვარამიას კონტრაქტში ჩაწერილი პუნქტი.

რაც შეეხება იმას, ხელისუფლების მართლზომიერება მის ნებაზეა დამოკიდებული თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ჩანაწერი, ამაზე შავგულიძე ამბობს, რომ ამკრძალავი აქტი არ არსებობს.

„ახლა საინტერესოა რა პერსპექტივებია ამ გადაწყვეტილების შემდეგ. პირველი არის ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დიდ პალატაში და უნდა ველოდოთ, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მაგრამ, მანამდე ხელისუფლებას ეყოს გონიერება და მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ღონისძიება უკვე გაუქმებულია ამ გადაწყვეტილების შედეგად ეს არ გამოიყენოს და არ უნდა მოახდინოს მეპატრონის ცვლილება, ვინაიდან თეორიულად შესაძლებელია დიდმა პალატამ დააკმაყოფილოს „რუსთავი 2“-ის საჩივარი. ასეთ შემთხვევაში თუ მეპატრონე შეცვლილი იქნება და სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილი, გართულდება უფრო მაღალი ინსტანციის აღსრულება. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სამართლებრივი სწორი ხედვა და უნდა დაელოდოს მინიმუმ გასაჩივრების ვადის ამოწურვის ვადას.

ასევე არსებობს მეორე მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლება მოიქცევა უგუნურად, არ დაელოდება გასაჩივრებას, მის შედეგებს და მოახდენს ახალი მეპატრონის რეგისტრაციას. ამ შემთხვევაში ეს გარანტია არის კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის ნიკა გვარამიას კონტრაქტი, რომელიც ჩემთვის არც იყო ცნობილი და დღეს გავიგე ამის შესახებ. ეს კონტრაქტი შეიცავს პუნქტს იმის შესახებ, რომ მეპატრონის შეცვლის შემთხვევაშიც არ შეიძლება შეიცვალოს დირექტორის 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ძალიან მაღალი ფინანსური გარანტიები. თუ ვინმე მოინდომებს ამ პუნქტის დარღვევით დირექტორის მოხსნას, ის არ ექვემდებარება ადგილობრივ სამართალწარმოებას და ის ექვემდებარება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს. ესეც არის მნიშვნელოვანი გარანტია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კითხვაზე, იურიდიულად ეს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული და კანონში არ არსებობს ამაზე კონკრეტული ჩანაწერი? – შავგულიძე პასუხობს:

„ეს არ იქნება მართლზომიერი. თუ ხელისუფლება მეპატრონეს შეცვლის ზედა პალატის გადაწყვეტილებამდე, ეს ფაქტობრივად იქნება დამოუკიდებელი ტელევიზიის მიტაცება. კანონში ასეთი ნორმა, რომელიც აჩერებდა ამას ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დროებითი ნორმა გაუქმებულია, რადგან არსებითი ღონისძიება იქნა მიღებული. მაგრამ არსებობს სამართლებრივი ლოგიკა. თუ ხელისუფლებას არ უნდა, რომ შევიდეს ისეთ ჩიხურ სიტუაციაში, რომ დიდი პალატის შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. უშუალო ამკრძალავი აქტი ამჟამად არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლება უნდა მოიქცეს მართლზომიერად.

მერაბიშვილის საქმეზე, სადაც სტრასბურგმა გამოიტანა განაჩენი, რომ დაირღვა კონვენციის 18-ე მუხლი, ჯერჯერობით არ განიხილავს ხელისუფლება მისი აღსრულების საჭიროებას და ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ გაასაჩივრა დიდ პალატაში, ახლა კი ელოდება  ზედა პალატის გადაწყვეტილებას. თუ მერაბიშვილის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, მაშინ „რუსთავი 2“-ის საქმეზეც ასე უნდა მოიქცეს და ამ სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ცნობისთვის, 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...