შავგულიძე: “თავისუფალი დემოკრატები” მერაბიშვილთან ერთად ერთ გაერთიანებაში ვერ ვიქნებით

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ გაერთიანებაში ვერ იქნებიან. იქნება ეს საარჩევნო ბლოკი, კოალიცია თუ სხვა სახის ერთობა.

შავგულიძემ ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ის რომელიმე პარტიაში გაწევრიანდება და საერთო ოპოზიციური სპექტრთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდება, ეს რამე გავლენას მოახდენს იმ ფორმატზე.

“ვიზიარებ სერგი კაპანაძის პოზიციას, რომ ალბათ არ გავუსწროთ მოვლენებს და ვანო მერაბიშვილმა თავად გადაწყვიტოს და არ დავიწყოთ ეს მოხდება თუ არ მოხდება და თუ ეს მოხდება როგორ შევაფასოთ. მაგრამ, საზოგადოებას რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება რომ გავურბივართ პოზიციის დაფიქსირებას კონკრეტულად “თავისუფალი დემოკრატები”, ამიტომ ვიტყვი ჩვენს აზრს. ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი, რაც სასამართლომ. თავად აქვს უფლება აირჩიოს თავისი მომავლის გზა, სად გაწევრიანდება და იქნება პოლიტიკაში თუ აღარ იქნება. თუ მეტი ეკუთვნოდა, ეს უნდა მოეკითხოს იმ სამართალდამცავ სისტემას, რომელმაც ეს მიუსაჯა, რაც მიუსაჯა.

მაგრამ “თავისუფალი დემოკრატები” ვერ ვხედავთ პერსპექტივას ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნისა. იქნება ეს საარჩევნო ბლოკი, კოალიცია თუ სხვა. ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ გაერთიანებაში ვერ ვიქნებით. გვაქვს ჩვენი არგუმენტები, ჩვენი მიზეზები, რომელიც ძალიან სამართლიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილის გაერთიანება რომელიმე პარტიაში ხელს შეუშლის ოპოზიციური მაგიდის ერთიანობას”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ციხე გუშინ დატოვა. სწორედ მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გირგვლიანის ოჯახის ინტერესს სწორედ შალვა შავგულიძე იცავდა, რომელმაც სახელმწიფოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში მოუგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად