შავგულიძე: როდესაც “ოცნება” დაინახავს, როგორ კარგავს ხელისუფლებას, ძალიან საშიში გახდება

"ერთ არაფორმალურ მმართველს დაექვემდებარება ერთი პარტია. არაფორმალური მმართველი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, პარტია – "ქართული ოცნება" განახორციელებს დიქტატურას სახელმწიფო ინსტიტუციაზე",- ასე გამოეხმაურა "აიპრესთან" "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, შალვა შავგულიძე პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობით შესაძლო მოსვლას. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში "ქართული ცონება" პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების, მედიის, ფინანსების, უზურპაციას ახდენდა ახლა ამას თუ კიდევ დაემატება პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მათ ეს უკვე მისცემს, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ ძალაუფლებას. ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ნაცვლად მივიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას. თან ეს განხორციელებული იქნება ძალიან ცუდი სახით. არაფორმალური, ავტოკრატიული მმართველობის სახით.

სინამდვილეში ერთ არაფორმალურ მმართველს დაექვემდებარება ერთი პარტია. არაფორმალური მმართველი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, პარტია – "ქართული ოცნება" განახორციელებს დიქტატურას სახელმწიფო ინსტიტუციაზე. ეს არის აბსოლუტური ძალაუფლების კონცენტრირება და მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ან ამ არაფორმალურ მმართველს, ან იმ ინსტიტუციების წარმომადგენლებს, რომლებიც ფორმალურად შეასრულებენ დავალებებს, ეყოფათ ძალა, რომ წინ აღუდგნენ აბსოლუტური ძალაუფლების ცდუნებას.

ვფიქრობ, მომავალ 4 წელში დაუშვებენ ბევრ შეცდომას. მთავარი იქნება, რომ ხელისუფლება, ალბათ, გადავა მომხვეჭველობაზე და ძალადობაზე, რომ ვერავინ გაბედოს და არ ამხილონ ამ მომხვეჭელობაში. ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.

მაგრამ, საბოლოოდ საზოგადოება ამას არ შეეგუება. ხელისუფლება უშვებს იმავე შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. საზოგადოება ვერ აიტანს ამ ძალადობას და "ქართული ოცნებაც" დაკარგავს ხელისუფლებას. ეს დროის საკითხია, ვინაიდან, არასწორ გზაზე დგანან. როდესაც "ქართული ოცნება" დაინახავს, როგორ კარგავს ხელისუფლებას, გახდება ძალიან საშიში. მაშინ გვმართებს ყველას, რომ ეს პროცესი ნაკლებად დამაზიანებლად მოხდეს ჩვენი სახელმწიფოსთვისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვინაიდან, იმ დროს "ქართული ოცნება" მზად იქნება ყველაფერზე, ოღონდ შეინარჩუნოს ხელისუფლება",- განაცხადა შავგულიძემ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად