შავგულიძე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ვაზაგაშვილისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელს ვხედავ

სტრასბურგის სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. დავა, რომელიც წლებია გრძელდება სახელმწიფომ წააგო და მას ვაზაგაშვილების სასარგებლოდ 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ამ საკითხზე „აიპრესმა“ კომენტარი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერსა და სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილ ადვოკატს სთხოვა, რომელმაც სახელმწიფოს ევროსასამართლოში საქმე მოუგო. შავგულიძე აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის საქმის გირგვლიანის საქმესთან პარალელის გავლება შეიძლება.

„ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში სადავოც არაფერი და მე მგონი არც არავინ ხდის სადავოს. დეტალურად არ ვიცნობ ამ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მე მოვისმინე, ეს მდგომარეობს იმაში, რომ აღიარებული იყო სიცოცხლის უფლების დარღვევა თავად იმ ოპერაციის ჩატარების მომენტშიც და ასევე იმ პროცედურულ ნაწილში, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს ფაქტი შემდგომ არ იყო სათანადოდ და ჯეროვნად განხილული  და გამოძიებული ადგილობრივი სამართალწარმოების დროს“, – ამბობს შავგულიძე.

კითხვაზე, ხომ არ ხედავს გირგვლიანის საქმესთან ანალოგს? – შავგულიძე პასუხობს:

„იცით რა? გირგვლიანის საქმეზე იყო დაწესებული მორალური ზიანის ანაზღაურების სტანდარტი ოჯახის სასარგებლოდ 50 000 ევროს ოდენობით და ამ საქმეზეც იგივე სტანდარტი იყო გამოყენებული და სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილების ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

პარალელის გავლება შეიძლება. იმიტომ, რომ გირგვლიანის საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლება დარღვევად სცნო, ანუ მკვლელობის საქმე ადგილობრივ სამართალწარმოების პროცესში ჯეროვნად არ იყო გამოძიებული და განხილული და აქაც იგივე დარღვევა სცნო პროცედურულად. რამდენადაც ვიცი აქ არამატერიალურ ნაწილშიც იქნა აღიარებული სიცოცხლის უფლების დარღვევა, თუმცა შეიძლება ვცდები, უბრალოდ ასეთი ინფორმაცია მაქვს. ანუ თავად ის ოპერაცია, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა კანონის დარღვევით იყო ჩატარებული, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ეს არის კონვენციის მეორე მუხლი“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორტების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ვაზაგაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე წელს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გრიგოლ კვინიკაძეს კი ოთხი წლითა და ექვსი თვით. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.

2015 წლის დასაწყისში ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავეს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად