შავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის  დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების
ხომალდის – „CARNEY“-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები და  სახომალდე სწავლებები ჩაატარეს.

სანაპირო დაცვის 3 საპატრულო კატარღისა და ამერიკული ხომალდის  მონაწილეობით, ღია ზღვაში, ერთობლივი საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო
წვრთნები გაიმართა, რომლებიც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და  ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა. სანაპირო დაცვის  დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი  დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ.

ერთობლივი წვრთნები აშშ-ს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო  დაცვის მცურავი საშუალებების ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებას შეუწყობს  ხელს.

საქართველოში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის – „CARNEY“-ის  ვიზიტის მიზანი იყო შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების  განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა,  საზღვაო კომპონენტებთან მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის  საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად